მარკოიშვილმა სირენის თანხლებით ჩააგდო, მაგრამ გალათასარაიმ 1 ქულით წააგო

მარკოიშვილმა სირენის თანხლებით ჩააგდო, მაგრამ გალათასარაიმ 1 ქულით წააგო

მანუჩარ მარკოიშვილს თურქეთის ჩემპიონობა გადაედო. ფინალურ სერიაში 3:0 დაწინაურებულმა მისმა „გალათასარაიმ“ მორიგი მატჩი სტუმრად, ბალიკეშირში „ბანვითთან“ 1 ქულით -85:86  წააგო და ტიტულის მოპოვებას მომდევნო მატჩში ეცდება. ეს არცაა გასაკვირი – უცხო ქალაქში, მეტოქე გუნდის მხარდამჭერებით სავსე დარბაზში ჩემპიონობას ისეთი ლაზათი ვერ ექნება, როგორც შინაურ კედლებში. ამიტომ არ წაუგიათ, მაგრამ ტიტულის საკუთარ კედლებში მოგებაზე რომ ფიქრობდნენ, სტამბოლელებს ალბათ ის ჟინი აკლდებოდათ, რაც თამაშის მოსაგებად იყო საჭირო. თანაც, ბანვითელები ერთობ მოწადინებულნი იყვნენ – ფინალური სერიის 0:4 წაგება გვარიანი სირცხვილია და თუნდაც ერთი მოგების მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებდნენ.
 
ბოლო მეოთხედამდე, რომ იტყვიან, ცალფარა თამაში მიდიოდა. მასპინძლებმა სოლიდური ლიდერობა თავიდანვე მოიპოვეს და მთელი 3 პერიოდის განმავლოვლობაში დამაჯერებლად ლიდერობდნენ. პირველი პერიოდი ბალიკეშირელებმა 10 ქულით მოიგეს, დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 14-ამდე გაზარდეს, ხოლო ბოლო ათწუთეულის წინ სულაც 18 ქულით – 65:47 იგებდნენ. სტამბოლელებმა გადამწყვეტ მეოთხედში კინაღამ სასწაული მოახდინეს, რომლის შემოქმედიც ამერიკელი იამონტ გორდონი იქნებოდა. ამ კალათბურთელს საწყის 3 მეოთხედში 10 ქულა ჰქონდა მოგროვებული, საბოლოოდ კი შეხვედრა 34 ქულით დაასრულა.
 

 
გორდონმა ბოლო ათწუთეულში 24(!) ქულა ჩააგდო. საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე მას შეეძლო, ანგარიში გაეთანაბრებინა, როცა ბურთი ჩააგდო და მასპინძლები დაჯარიმებას აიძულა. გამათანაბრებელი საჯარიმო გორდონმა ააცილა, რასაც სტამბოლელთა ტაქტიკური ჯარიმა მოჰყვა, მაგრამ ბანვითელმა ჩარლზ დევისმა ორივე საჯარიმო ჩააგო და 3-ქულიანი დეფიციტის აღმოსაფხვრელად გალათასარაის“ 16 წამი დარჩა. ამ დროში სტამბოლელებმა ორჯერ მოასწრეს სამქულიანის სროლა, მაგრამ გორდონის და ერდენ არსლანის გამთანაბრებლები არაზუსტი აღმოჩნდა. მეორე აცილებული მარკოიშვილმა მოხსნა, თუმცა ბურთის პერიმეტრზე ატანის დრო აღარ იყო და ქართველმა ფარქვეშიდან სირენის თანხლებით ორქულიანი ჩააგდო.
 
ეს იყო მანუჩარის პირველი ჩაგდებული ბურთი ამ თამაშში. ქართველმა უკანახაზელმა მატჩი 2 ქულით დაასრულა, რასაც 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაყოლა. მანუჩარმა 2-დან 1 ორიანი ჩააგდო, 6-ივე სამქულიანი კი ააცილა. მატჩის ბომბარდირი კი ზემოთხსენებული გორდონი გახდა, რომელმაც ბოლო პერიოდში 24, ხოლო ჯამში 34 ქულა მიითვალა.
 

ფინალური სერიის მორიგი მატჩი 15 ივნისს სტამბოლში, „გალას“ დარბაზში გაიმართება. მარკოიშვილის გუნდი სერიას 3:1 იგებს და ჩემპიონობის მოსაპოვებლად 1 მოგება სჭირდება.