მანუჩარ მარკოიშვილს შანსი ჰქონდა, იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი პირადად მოეგო. ქართველი უკანახაზელი აღნიშნული შეხვედრის ბოლო წამების მთავარი მოქმედი პირი იყო. როცა მისი „კანტუ“ საფინალო სირენამდე ათიოდე წამით ადრე 60:63 აგებდა, მარკოიშვილზე დაჯარიმდნენ და მან პირველი საჯარიმო ჩააგდო. მეორე კი ააცილა (სავარაუდოდს, განზრახ) და ფარიდან ასხლეტილი ბურთი თავად მოხსნა. ქართველი კალათბურთელი, რომ იტყვიან, ვა–ბანკზე წავიდა, სამქულიანის ზონაში აიწია და „სიენას“ ფარს შორიდან შეუტია. ის ბურთი რომ ჩავარდნილიყო, „კანტუ“ იგებდა, თუმცა … 61:63 და ყველაფერი დასრულდა. „სიენამ“ ფინალური სერია 4:1 მოიგო და იტალიის ჩემპიონიც გახდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვდა. მართალია, სერიის საწყისი 2 შეხვედრა „სიენამ“ შინ იოლად მოიგო, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, „კანტუმ“ სტუმართა მოედანზე ხასიათი გამოავლინა. სტუმრებმა საწყისი 7 წუთი 10:0 მოიგეს. სიენელებმა მატჩში პირველი ქულები პირველი მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ჩააგდეს, მერე კი მიყვნენ და ანგარიში ხომ გაათანაბრეს, წინაც გავიდნენ. თანაშ გათანაბრდა, მასპინძები სოლიდური სხვაობით დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ. მაქსიმუმ 3–4 ქულით თუ გავიდოდნენ წინ. ასე იყო ბოლო წამებზეც, რომლის დეტალებზეც თავში ვისაუბრეთ.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 5-დან 2 სამქულიანი და საჯარიმო გამოიყენა, ორი ორქულიანი ააცილა, ოთხჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი სამჯერ იუხეშეს. სტუმართა რიგებში საუკეთესო ვლადიმირ მიკოვმა 17 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, მასპინძელთაგან კი 13 ქულითა და 6 მოხსნით მალიკ ჰეირსტონი გამოირჩა.
ასე და ამგვარად, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა წევრი თავისუფალია, სეზონი ყველასთვის დასრულებულია. მიუხედავად ტრავმისა, მანუჩარმა ერტ–ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა თავის კარიერაში. იგი იმ გუნდის ერთ–ერთი ლიდერი იყო, რომელმაც იტალიის ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლა, ფინალში გააღწია და იქ რეალურად უფრო ძლიერ მეტოქესთან დამარცხდა.