მარკოიშვილს ნახევარფინალი გადაედო

მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევს” ჩინებული შანსი ჰქონდა, უკრაინის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასულიყო, თუმცა  “პულსართან” ბოლო წამებზე არ გაუმართლა, 55:58 წააგო და საქმე გაიჭიანურა.
“პულსარის” სარბიელზე გამართული შეხვედრა მეტად მწირქულიანი გამოდგა, მისი ბედი კი ზედ ბოლო წამებზე გადაწყდა.შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე მასპინძელმა არტიმოვიჩმა ორივე ჯარიმა გააცუდა და სტუმრებს თამაშის გადარჩენის შანსი დაუტოვა, თუმცა, საფინალო სირენასთან ერთად მარკოიშვილის ნასროლი სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა და პულსარელებმა სერიაში ჩამორჩენა 1:2-მდე შეამცირეს.
მიუხედავად ამ გაცუდებული ტყორცნისა, მანუჩარი “ბკ კიევის” რიგებში საუკეთესო გახლდათ. ქართველმა კალათბურთელმა თითქმის შეუცვლელად, 38 წუთს ითამაშა და კიევურ გუნდს 13 ქულა, 1 ჩაჭრა, 2 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა.
მარკოიშვილმა 9-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა და 3 ჯარიმა მიიღო.
24 აპრილს “პულსარი” “ბკ კიევს” კიდევ ერთხელ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, სერიის მეხუთე, გადამწყვეტი მატჩი უკრაინის დედაქალაქში გაიმართება.