ოფიციალურად გაირკვა – დღევანდელი წაგების შემდეგ, “სოხუმი” ბოლო ადგილს ვეღარ ასცდება. შესაბამისად, პლეი ოფში გასული რვავე გუნდის ვინაობაც ცნობილია. გია კაზანჯიანისა და მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა სოხუმელებმა, რომლებმაც გაუთავებელი წაგებების შემდეგ წამყვანი ლეგიონერები დაკარგეს, რის შემდეგაც ყველა მატჩისთვის წასაგებად გაიწირნენ, დღესაც, ცხრილში მე-8 ადგილზე მყოფ “მარნეულთან” უშანსოდ – 66:108 წააგეს.
როგორც ხედავთ, ბრძოლა არ შედგა. მარნეულელებმა დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვეს, რაშიც ლომის წილი დეანდრე რეიმ 21 ქულით დაიდო. 18 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ნიკოლას ნილმა, ხოლო გიორგი ვახანიამ და არტიომ შვეცმა 16-16 ქულა მოაგროვეს. “სოხუმში” 14 ქულით საუკეთესო იყო ტატო ზუზაძე. 13 ქულა მიითვალა მაიზერ რევაზაშვილმა, ხოლო ლევან რევაზაშვილის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
თემურ კანკია – მარნეულის „დელტას“ მთავარი მწვრთნელი:
„ნორმალურ ფორმაში ვართ, გარდა ამისა, ვიცით „სოხუმი“ რა პრობლემების წინაშეა და აქედან გამომდინარე, შედეგიც სახეზეა. წარმატებებს ვუსურვებ „სოხუმს“ მომავალში.“
გია კაზანჯიანი – „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი:
„ათუაშვილი ვერ იყო ფორმაში და ცოტა ხანს ვათამაშეთ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არაა წაგების გასამართლებელი მიზეზი, ამხელა ანგარიშით დამარცხებას ნამდვილად არ ველოდით, თუმცა ვულოცავ „მარნეულს“ და ვუსურვებ წარმატებას.“
მარნეული – სოხუმი
სტატისტიკა: 108:66