ქვემო ქართლის რეგიონს ბრწყინვალე სპორტული კომპლექსი შეემატა, რომლის ძირითადი პროფილი კალათბურთი იქნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით ქალაქ მარნეულში დღეს დიდი სტუმრიანობა იყო. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად დარბაზის გასახსნელად აზერბაიჯანისა და საქართველოს სპორტის მინისტრები, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და სხვა თანამდებობის პირები მივიდნენ.
დარბაზის გახსნაზე ჩავიდნენ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და სუპრლიგის დირექტორი გიორგი ზაბახიძე. თითქოს სიმბოლურიც იყო, რომ მარნეულის დარბაზში პირველი მატჩი კალათბურთელებმა გამართეს – ერთამნეთს სუპერლიგის მონაწილეები: რუსთავის „ენერჯი–ინვესტი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდები შეხვდნენ. ამ მატჩით კალათბურთიდან გააცილეს შსს–ს წევრები: გამთამაშებელი დავით ბერიშვილი და გუნდის მოთამაშე–პრეზიდენტი ლევან მიქაბერიძე. მატჩს სადაო გდებით სათავე ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაუდო. შეხვედრა შსს–ს გამარჯვებით – 90:53 დასრულდა.
დარბაზში იდეალური პირობებია შექმნილი. სათამაშო იატაკი არის ულტრათანამედროვე, თბილისის სპორტის სასახლეში არსებულის ანალოგიური. სატრენაჟორო, საშხაპეები, მოსასვენებელი და გასახდელი ოთახები – ყველაფერი ეს ძალიან სუფთად და გემოვნებიანად არის მარნეულის დარბაზში მოწყობილი. ტრიბუნები კი 500 ქომაგზეა გათვლილი. მარნეულის დარბაზის გახსნით კალათბურთის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
მარნეულელებს ჰყავთ საკალათბურთო გუნდი, ოღონდ ჯერ მხოლოდ ახალგაზრდულ ჩემპიონატში. ზაზა გაბისონიას თავკაცობით მარნეულის „ინტერი“ 16–წლამდელთა ჩემპიონატში თამაშობს. როგორც იგეგმება, ადგილობრივ მმართველობას მარნეულში საკალათბურთო გუნდის ჩამოყალიბება სურს, რომელიც სუპერლიგაში მიიღებს მონაწილეობას.
ლევან მიქაბერიძე და დავით ბერიშვილი კალათბურთიდან გააცილეს