“მართვე–4″–მა სეზონი მესამე ადგილით დახურა

“მართვე–4″–მა სეზონი მესამე ადგილით დახურა

„ქუთაისთან“ ნახევარფინალში დამარცხებულმა „მართვე–4“–მა მესამე ადგილი მოიგო. ზვიად დიდბარიძის გუნდმა ბრინჯაოსთვის მატჩში 29 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში ლიკა ქაჯაიას „51–ე სკოლა“ დაამარცხა.

თავის მხრივ, 51–ე სკოლელები ნახევარფინალში ხათუნა გაბედავას  „მართვე–3“–თან დამარცხდნენ და სპორტის სასახლეში ტიტულის მოგების დიდი სურვილით ავსებულები მივიდნენ. რა თქმა უნდა, მესამე ადგილის მოგება უნდოდა დიდბარიძის გუნდსაც და საინტერესო თამაშიც გაჩაღდა. თანაბარი სადებიუტო მეოთხედის შემდეგ თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მართველების ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა.მეორე მეოთხედში „მართვე–4“ ათამაშდა და დიდი შესვენებისთვის 5–ქულიანი უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა მესამე ათწუთეული 51–ე სკოლელების კარნახით წარიმართა – სანდრო მეგენეიშვილის, ოთო ფხაკაძის და გიორგი ორმოცაძის აქტიური და შედეგიანი თამაშის წყალობით „51–ე სკოლა“ გადამწყვეტი მეოთხედის წინ 7 ქულით გალიდერდა.ქაჯაიას გუნდს ცოტა აკლდა და მე–3 ადგილს დაეპატრონებოდა, თუმცა მართველებმა აღარ დაანებეს. დიდბარიძის შეგირდები ჩინებულად ათამაშდნენ დაცვაში, რამაც შეტევაში წარმატებაც განაპირობა. მართველებს ალეკო ჩოჩია და ლევან ლოლიშვილი წინამძღოლობდნენ, რომლებსაც ფარქვეშ ხელს ბესო ღვინეფაძე აშველებდა. რეზო როგავაც შედეგიანად თამაშობდა და ყველაფერმა ამან ის განაპირობა, რომ „მართვე–4“–მა ბოლო მეოთხედი 29:7 მოიგო და მესამე ადგილიც ალალად დაიმსახურა.