მარცხიან მატჩში სანიკიძე სიენელთაგან საუკეთესო იყო

მარცხიან მატჩში სანიკიძე სიენელთაგან საუკეთესო იყო

იტალიის სერია „ა“-ს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ „სიენას“, რომლის ღირსებასაც ვიქტორ სანიკიძე იცავს, წარუმატებელი პერიოდი უდგას. სიენელები შიდაჩემპიონატშიც აგებენ და ევროლიგაშიც. ამჯერად სანიკიძის გუნდი იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად „კასერტასთან“ დამარცხდა. შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდში, მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა – 72:64.
 
სანიკიძე თავის გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში, 29 წუთი ითამაშა და საბოლოოდ დამარცხებულთაგან ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი დაიმსახურა. სანიკიძემ 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 8 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად ვიქტორს 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. 29-წუთიანი თამაშის განმავლობაში ქართველ ფორვარდს ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს.
 
„სიენაში“ 10-10 ქულა დააგროვეს ბობი ბრაუნმა და დანიელ ჰაკეტიმ, თუმცა მათ სანიკიძეზე უკეთესი მარგი ქმედების კოეფიციენტი არ ჰქონიათ. ქართველმა ფორვარდმა მეტად აკურატულად ითამაშა და სიენელთაგან საუკეთესოობაც ამიტომ დაიმსახურა.
 
14 მოგებია და 9 მარცხის მქონე „სიენა“ მე-6 ადგილამდე დაქვეითდა. მომდევნო მატჩში, 25 მარტს, სანიკიძის გუნდი მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილ გუნდ „კანტუს“ შეხვდება.