მარვინ ჰარვის აკადემიური გაკვეთილები

მსოფლიოში ცნობილმა ტყორცნის სპეციალისტმა მარვინ ჰარვიმ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარა ახალგაზრდებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჰარვის ამერიკაში აქვს ეგრედ წოდებული „სროლის აკადემია“, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სროლის შემსწავლელი კემპები ჩაატაროს. თბილისამდე ჰარვი თურქეთსა და სერბეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებისთვის საჩვენებელი ვარჯიშბი ჩაატარა. მარვინ ჰარვი საქართველოში „საკალათბურთო აკადემიის“ პირადი კონტაქტების საფუძველზე ჩამოვიდა.
„აკადემიაში“ ჰარვი სრულად აღჭურვილი მოვიდა. მას თან ჰქონდა ვიდეო–კამერა, პორტატული კომპიუტერი და სანამ ქართველ ახალგაზრდებს პრაქტიკულ ვარჯიშებს ჩაუტარებდა, კონკრეტულ მოძრაობას კომპიუტერში აჩვენებდა.
ჰარვის სროლის ვარჯიშები აკადემიელ კალათბურთელებს ძალიან მოეწონათ და მთლიანობაში ისინი არაერთ სიახლეს ეზიარნენ.