მატჩის მიმოხილვა: შვეიცარია vs საქართველო 84:91

მატჩის მიმოხილვა: შვეიცარია vs საქართველო 84:91

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა შვეიცარია 91:84 დაამარცხა. ჩვენი გუნდი ზედიზედ მეოთხედ ასცდა 90-ქულიან ზღვარს.

მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, შეკითხვაზე – ოთხიდან ოთხი მოგების შემდეგ თუ გრძნობს, რომ საქართველოს ნაკრები მზადაა ევრობასკეტისთვის, უპასუხა: ევროპის ჩემპიონატი 2022 წელსაა, მანამდე შორია. მომავალ წელს მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპი გველის.” მწვრთნელმა შვეიცარიასთან მოგების მთავარ მიზეზზეც ილაპარაკა: მეტოქემ ფარქვეშ ძალიან კარგად იმუშავა, რთული იყო სამწამიანიდან ქულების მოგროვება. ასეთ დროს კი პერიმეტრზე ბევრი სივრცე ჩნდება. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა ახალბედებმა ამ მხრივაც გამიმართლეს და საბოლოოდ 12 სამქულიანი გამოვიყენეთ.“ 

ილიას ზუროსმა მადლობის ტექსტით დაამთავრა: მინდა მადლობა ვუთხრა თორნიკე შენგელიას, რომელიც „რეალთან“ რთული მატჩის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და ბოლომდე დაიხარჯა. მან კიდევ ერთხელ დაგვანახა, როგორ უყვარს საქართველო. იგივეს თქმა შეგვიძლია გიორგი შერმადინისა და ნებისმიერი ქართველი კალათბურთელის მიმართაც. მადლობა მაკფადენს, მადლობა ახალგაზრდებს. ეს იყო მატჩი, რომელშიც ჩვენი ხასიათი უნდა გამოვლენილიყო. გამოვლინდა დადებითი კუთხით.“

ევრობასკეტი 2022. საკვალიფიკაციო IV ტური

შვეიცარია vs საქართველო  84:91

(მეოთხედები: 24–27, 15–19, 15-19, 30-26)

შვეიცარია: მ. მლადიანი (19ქ), კოვაჩი (17ქ), კაზადი (10ქ), კოტური (10ქ), ნზეგე (10ქ), დ. მლადიანი (8ქ), ბალდასერი (8ქ), ჟონინი (2ქ), ზინი, გრავე, დუბასი.

საქართველო: მაკფადენი (24ქ, 6პ), ბოქოლიშვილი (3ქ), კორსანტია (9ქ), შენგელია (17ქ, 6მ, 5პ), შერმადინი (11ქ, 8მ, 3პ), ფევაძე (8ქ, 7მ), ბაქრაძე (12ქ), ბექაური (6ქ), ლონდარიძე (1ქ), ლობჯანიძე, ზაქრაძე.

ოთხი ტურის შემდეგ ოთხი მოგება – საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ევროპის ტოპ-კლასის სამ კალათბურთელთან სუპერლიგის მოთამაშეების შეზავებით საინტერესო გუნდის მიღება შეიძლება. მხოლოდ საინტერესო? – საქართველოს ნაკრები ნებისმიერი მეტოქისთვის საშიშ ძალად იქცა და როგორც ნამატჩევს თორნიკე შენგელიამ აღნიშნა, ყველა მოწინააღმდეგესთან პირნათელია – საქართველოსთან მოგება-წაგება ხომ შვეიცარიას, სერბეთსა და ფინეთს სათვალავში ეთვლებათ და ვინაიდან, ჩვენს გუნდთან ყველას წაგება აქვს (ვიმედოვნებთ, ბოლო ორი ტურის შემდეგაც ასე იქნება), ერთმანეთში მოუწევთ ჯგუფიდან გამსვლელი ორი გუნდის გარკვევა.

I მეოთხედი –  საქართველოს ნაკრები საწყის წუთებზე 7:0 გაიქცა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიელებმა მაქსიმალურად გადაკეტეს ფარქვეშეთი და ჩვენს კალათბურთელებს სამწამიანი ზონიდან ქულების ჩაგდებას დიდი თავგანწირვით არ ანებებდნენ. ბურთს შერმადინი რომ მიიღებდა, ოთხი შვეიცარიელი საჯარიმოში შედიოდა. ასევე იყო შენგელიას შემთხვევაში, რომელიც ფეხმტკივანი თამაშობდა და მწვრთნელი მაქსიმალურად ცდილობდა მის დასვენებას. შვეიცარიელები შერმადინისა და შენგელიას მეურვეობისას პერიმეტრზე ზონებს ხშირად ათავისუფლებდნენ და ქართველთა მარიფათზე იყო დამოკიდებული სამქულიანებით შეძლებდნენ თუ არა წინ გაჭრას.

პირველ მეოთხედში 5 სამქულიანი გამოვიყენეთ, რაც ერთობ მაღალი მაჩვენებელია. სამქულიანები ჩააგდეს კორსანტიამ, ბოქოლიშვილმა, მაკფადენმა და ბექაურმა (ორი). მაგრამ სასურველი სხვაობით წინ გასვლა ვერ მოვახერხეთ – ძალიან შორეული სამქულიანებითა და საშუალო დისტანციიდან ტყორცნებით ჩვენი მეტოქე ბოლომდე კარგად მოგვყვებოდა. შედეგად, მეოთხედი 27:24 მოვიგეთ.

 II მეოთხედი – მეორე პერიოდის დასაწყისში მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შერმადინი და შენგელია დაასვენა, რამდენიმე წამით მაკფადენსაც მისცა ამოსუნთქვის საშუალება. ტაიმის ბოლოს კი საბრძოლო შემადგენლობა დააბრუნა – მაკფადენი, ბაქრაძე, ფევაძე, შენგელია და შერმადინი. კლასმა თავისი გაიტანა, დიდი შესვენების წინ ქართველები 44:35 დაწინაურდნენ და წუთით ადრე შვეიცარიელთა მწვრთნელი იძულებული გახდა წუთშესვენება აეღო. 46:39 – პირველი ტაიმის შემდეგ.

საინტერესოა, რომ ჩვენს ნაკრებში საწყის 20 წუთში ქულები უკვე ცხრა კალათბურთელს ჰქონდა ჩაგდებული. ყველაზე მეტი, 8 ქულა გიორგი შერმადინის ანგარიშზე დაფიქსირდა. მაკფადენი – 7 ქულა, ბექაური და ფევაძე – 6-6.

 

III მეოთხედი  – მესამე პერიოდის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა შენგელიას ტყორცნის შედეგად ორნიშნა სხვაობით დაწინაურება პირველად მოახერხა.

შვეიცარიელებს ჩვენი ლიდერების შეჩერება ძალიან გაუჭირდათ და ოთხ წუთში ხუთი ფოლი ჰქონდათ. ხუთ წუთში კი გივი ბაქრაძის ორი საჯარიმოს შემდეგ საქართველო 59:47 დაწინაურდა. მწვრთნელ ილიას ზუროსს კვლავ მიეცა თორნიკე შენგელიას დასვენების საშუალება. საქართველომ კი ტემპს არ უკლო და მაკფადენის სამიანის შემდეგ 15 ქულით დაწინაურდა – 65:50. ეს უკვე დიდი განაცხადი იყო ზედიზედ მეოთხე მატჩის მოგებაზე.

IV მეოთხედი  – მეოთხე პერიოდის სტარტზე საქართველოს ნაკრები დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩა. მაკფადენსა და შერმადინს მშვენივრად ეხმარებოდნენ ბექაური, ფევაძე და ბაქრაძე. საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე ტაბლოზე ანგარიში ქართველებს დამშვიდების საშუალებას აძლევდა – 75:60. ოღონდ ქართველ გულშემატკივარს. კალათბურთელებს კი ყველაზე მეტი კონცენტრაცია სწორედ ბოლო წუთებზე სჭირდებოდათ. მწვრთნელმა შენგელია საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე მოედანზე დააბრუნა.

ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან შვეიცარიელებმა სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს. სწორედ შენგელიას წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა მატჩი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე – 91:84. ეს გახლავთ ჩვენი გუნდის მეოთხე მოგება ოთხ მატჩში.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

ამ თამაშებს ვთამაშობთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ვიცით, თითოეული პატარა პოზიტიური ნაპერწკალი რა მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის ამ პერიოდში და მადლობა უფალს, რომ ეს თამაშები მოვიგეთ მათთვის. ვამაყობ ჩემი ბიჭებით, ჩვენ ვთამაშობთ, როგორც ერთი დიდი ოჯახი. ყოველთვის სასიამოვნოა და ამაყი ვარ, როცა საქართველოს ნაკრებში ჩამოვდივარ”.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი ტური (“ბაბლის” პრინციპით), თებერვლის თვეში,  ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, თბილისშია დაგეგმილი. 

➥ფოტოგალერეა