MBG-იმ “წყალტუბო” 18 ქულით დაამარცხა და “ა” ლიგას მიუახლოვდა

MBG-იმ “წყალტუბო” 18 ქულით დაამარცხა და “ა” ლიგას მიუახლოვდა

დღეს გაიმართა “ა” ლიგის ორმატჩიანი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა. “ა” ლიგის 6 გუნდამდე შესავსებად ბოლო საგზურისთვის MBG და “წყალტუბო” იბრძვიან. იმერული კლუბი წინა სეზონის მე-5 ადგილოსანია და “ა” ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციოში ბრძოლა უწევს. MBG კი ახალი გუნდია, რომელმაც გასული თვის მიწურულს დასრულებულ “ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირში “ვერას” შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავა და “წყალტუბოსთან” საგზურისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

მოიპოვა და “ა” ლიგაში ცალი ფეხით შეაბიჯა. MBG-იმ დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ პირველ მატჩში 88:70 დაამარცხა “წყალტუბო” და 9 იანვარს, საპასუხო შეხვედრაში 18 ქულაზე მეტით თუ არ წააგო, “ა” ლიგის საგზურის მფლობელი გახდება. “წყალტუბოს” 18 ქულით გამარჯვების შემთხვევაში კი დაინიშნება დამატებითი 5-წუთეული (ოვერტაიმი). 

როგორც ანგარიშიდან ჩანს, MBG-ის დღეს არ გასჭირვებია. არადა, მიხეილ კობეშავიძის გუნდს 2 სერბი ლეგიონერი აკლდა – ფილიპ შეპა და დარკო ჩოხადარევიჩი. სამაგიეროდ ადგილზე იყვნენ 2 ამერიკელი – დეონტე ნორთი და ჯეროდ სანდერსი. პირველმა 28 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა, ხოლო სანდერსმა შეხვედრა 26 ქულით დაასრულა. 14 ქულით გამოირჩა ირაკლი ალხანაიძე, ხოლო ტატო ჩაჩიბაიას ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.

3 ლეგიონერი ჰყავდა “წყალტუბოს”, მაგრამ ვიტაუტას კამარუნასმა (15 ქულა, 12 პასი), დმიტრი ტიხონოვმა (18 ქულა, 12 მოხსნა) და იაგოშ კრემიჩმა (10 ქულა, 10 მოხსნა) იმერულ კლუბს ის ძალა ვერ შემატეს, რომელიც გასამარჯვებლად იკმარებდა. წყალტუბოელთაგან ახალგაზრდა ანზორ ნადირაძე გამოირჩა, რომელმაც 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.

საპასუხო შეხვედრა 9 იანვარს, 18:00 საათზე, ქუთაისში გაიმართება.

MBG – წყალტუბო
სტატისტიკა: 88:70