მე-7 ადგილზე რუსთავი გავიდა

მე-7 ადგილზე  რუსთავი გავიდა

სუპერლიგის პლეი აუტი დასრულდა. მეოთხედფინალიდან გავარდნილმა
ოთხმა გუნდმა V-VIII ადგილები
გაინაწილეს. მე-5 ადგილი „დინამომ“ გასულ შაბათს მოიპოვა, ხოლო დღეს მე-7 ადგილისთვის
მატჩში „რუსთავმა“ თსუ დაამარცხა.

რუსთაველთათვის მე-7 ადგილი ვერაფერი ნუგეშია. ქვემოქართლელებს
მინიმუმ ნახევარფინალში გასვლის ამბიცია ჰქონდათ, თუმცა მეოთხედფინალში „ქუთაისთან“
წააგეს და ამან ისე იმოქმედა მათზე, რომ პლეი აუტის პირველ მატჩში „სოხუმთანაც“ წააგეს.
დღეს კი მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ზედმეტი გართულებების გარეშე დაამარცხა სახელმწიფო
უნივერსიტეტის გუნდი და სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა.

პირველ პერიოდში მასპინძლებს ყველაფერი გამოუვიდათ,
რომელიც 36:11 მოიგეს. განსაკუთრებით გამოსარჩევია რუსთაველთა სამარქაფო უკანახაზელის,
რევაზ ჩაჩანიძის სიზუსტე, რომელმაც ამ მატჩში 7-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. მისი საბოლოო
მონაგარიც ეს იყო – 21 ქულა. ჩაგდებულ შორ სროლებთან ერთად ჩაჩანიძემ 2 ორიანი ააცილა.

21 ქულა დააგროვა რუსთაველთა ამერიკელმა ლეგიონერმა
კაელ ნელსონმაც, ხოლო მეორე ამერიკელი, ნეით ბოუი მოედნიდან დისკვალიფიკაციის გამო გააძევეს. ბოუიმ ერთ-ერთი ჯარიმის დროს, სასტვენის შემდეგ ბურთი ესროლა თსუ-ელ გიორგი ხანიაშვილს, რომელიც საჩხუბრად
გაიწია და მიუხედავად იმისა, რომ ხელჩართული ბრძოლა არ ყოფილა, ორივე კალათბურთელი
მსაჯმა მოედნიდან გააგდო.

მატჩი საბოლოოდ რუსთაველთა გამარჯვებით – 100:84 დასრულდა.
დამარცხებულთაგან 22 ქულით გივი ბაქრაძე გამოირჩა, ხოლო სტუდენტების კოტდივუარელმა
ფორვარდმა სერჟ ასელაინმა პირად ანგარიშზე 15 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა.

სუპერლიგაში ყველა ადგილი განაწილებულია საპრიზოების
გარდა. ფინალური სერია 20 მაისიდან დაიწყება და ამავე დღეს გაიმართება მატჩი მე-3 ადგილისთვის.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
მიხეილ ბერუაშვილი, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:
“ეს მატჩი კი მოვიგეთ, მაგრამ მთლიანად სეზონით უკმაყოფილო ვარ. ჩვენს გუნდს გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ეს ვერ მოვახერხეთ”.
ლევან ქარაბაკი, თსუ-ს მწვრთნელი:
“სეზონი მე-8 ადგილზე დავასრულეთ, რაც ალბათ ლოგიკური იყო იმ რესურსიდან გამომდინარე, რაც ჩვენს გუნდს ჰქონდა. რაც შეეხება მატჩს, მეტი მონდომებით რომ გვეთამაშა, მეტოქეს უფრო მეტ პრობლემას შევუქმნიდით”.
რუსთავი – თსუ 100:84