საკალათბურთო “ა” ლიგის მეორე წრე მე-6 ტურით გუშინ დაიწყო. თელავში “ბურჯმა” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ “კავკასიას” პირველი მარცხი აგემა, რითაც მდევარმა “მეგამ” ისარგებლა და დღეს, “ზესტაფონის” დამარცხებით ლიდერს გაუთანაბრდა.
ზესტაფონელებს სუპერლიგაში გადასვლის ამბიცია გააჩნიათ და ამ მიზნის განსახორციელებლად დღევანდელ მეტოქესთან მატჩი კარგი გამოცდა იყო. სერგო ათუაშვილის გაწვრთნილი ზესტაფონელები ბევრით არა, თუმცა 33 წუთის განმავლობაში ლიდერობდნენ. გადამწყვეტ მომენტში, როცა თამაშის ბედი ირკვეოდა, სწორედ მაშინ მოუმატეს მეგას კალათბურთელებმა. ჯალენ ბრედლიმ, რომელიც დარბაზში თამაშამდე 3 საათით ადრე მოვიდა და როგორც სნაიპერებს სჩვევიათ, სროლაში ვარჯიშობდა, გადამწყვეტ მომენტში ზედიზედ 8 ქულა ჩააგდო და თავისი გუნდი დააწინაურა. ბრედლის მამუკა ბაზუაშვილმაც აუბა მხარი და შედეგად მეგა 83:74 დაწინაურდა. თამაშის დასრულებამდე 4 წუთი რჩებოდა, რაც გუგა პატარაიას გაწვრთნილმა გუნდმა ისე გალია, საფრთხე არ დამუქრებია.
საბოლოოდ მეგამ 87:82 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და 5 მოგება – 1 მარცხით ცხრილში “კავკასიას” გაუთანაბრდა. გამარჯვებულებს 18 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით ჯალენ ბრედლიმ ულიდერა. 16 ქულა და 9 მოხსნა ასტონ ფრენსისმა, ხოლო 14 ქულა და 7 მოხსნა მამუკა ბაზუაშვილმა მოაგროვა. ზესტაფონელთაგან 28 ქულით საუკეთესო იყო ჯეიმს ფლემინგი. 26 ქულა ოთო ბულიავამ, ხოლო 19 – დონიელ სეგერსმა მოაგროვეს.
მე-6 ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს ცხრილის ბოლო ადგილებზე მყოფი, თითო გამარჯვების მქონე გუნდები – “ორბი” და “სპორტუნი” შეხვდნენ. ამ გუნდების პირველი წრის მატჩი სპორტის უნივერსიტეტელებმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგეს, დღეს კი ორბმა რევანში აიღო. ირაკლი ტომარაძის გუნდს თავიდანვე კარგად წაუვიდა თამაში. პირველი პერიოდი ორბელებმა 24:16 მოიგეს და მიუხედავად მეორე ათწუთეულში 2-ქულიანი დეფიციტისა, დიდი შესვენების შემდეგ თამაშზე სრული კონტროლი დააწესეს. მესამე მეოთხედი ტომარაძის გუნდმა 31:19 მოიგო, 17 ქულით გალიდერდა და ფაქტობრივად თამაშის ბედი გადაწყვიტა.
საბოლოოდ ორბმა 93:80 (სტატისტიკა) იმარჯვა და ცხრილში სპორტუნის ხომ გაასწრო, მეგასთან წაგებულ ზესტაფონს წამოეწია. ორბელებს გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდათ – ჯორდან უოლკერი, რომელმაც 31 ქულა, 5-5 ჩაჭრა-პასი და 4 მოხსნა მოაგროვა. 16-16 ქულა-მოხსნა დიაგო ქუინმა მიითვალა, ლევან ლოლიშვილის ანგარიშზე კი 13 ქულა აკუმულირდა. სპორტუნიში 18-18 ქულა გიორგი ცირიკიძემ და საბა გეგუჩაძემ მიითვალეს, 14 ქულითა და 9 მოხსნით კი კრის ვრი გამოირჩა.
“ა” ლიგის მე-7 ტურის მატჩები 28 მარტს თელავში, ხოლო 29-ში თბილისში გაიმართება.