საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საინტერესო მატჩები გაიმართა.
4-დან 2 მატჩს სატურნირე თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა: დღის ბოლო 2 შეხვედრას მემორიალის ფინალისტები უნდა გაერკვია, მანამდე გამართულ ორ შეხვედრაში კი აუტსაიდერებმა ითამაშეს.
„სოხუმისა“ და თსუ-ს მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელიც სტუდენტების გამარჯვებით, ანგარიშით 66:60 დასრულდა. დღის პირველ მატჩში კი „დინამომ“ 75:58 დაამარცხა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი.
მესამე შეხვედრა ნახევარფინალის ტოლფასი გახლდათ, რომელშიც ერთმანეთს „რუსთავი“ და „შსს-აკადემია“ შეხვდნენ. ორივე გუნდს ამ მატჩამდე 2-2 შეხვედრა ჰქონდათ მოგებული და პირველ ადგილზე გამსვლელი პირად დაპირისპირებაში უნდა გადაეწყვიტათ. დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით რუსთაველებმა მოიგეს და მემორიალის ფინალში გავიდნენ.
ბოლო შეხვედრამ მეორე ფინალისტიც გაარკვია. „ოლიმპს“ „არმიასთან“ 14-ქულიანი ჰანდიკაპი ჰქონდა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს გუნდმა ისე ყოჩაღად დაიწყო თამაში, რომ მეორე მეოთხედში უკვე 19-ით იგებდა. დარჩენილ დროში ოლიპელებმა თამაში გამოასწორეს და ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრეს, საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.
აღსანიშნავია, რომ არმიელთა უკანახაზელმა გიორგი გამყრელიძემ 24 ქულასთან ერთად 18 პასიც მოაგროვა და ეს ამ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. გამყრელიძემ ძირითადი დროის ბოლო წამზე ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა, მაგრამ ექსტრახუთწუთეულში ოლიმპელებმა მაინც იმარჯვეს და ფინალში ღირსეულად გავიდნენ.
სატიტულო მატჩს აკადემიის დარბაზი 22 იანვარს, 18 საათზე უმასპინძლებს.