მემორიალზე დაუმარცხებელი 3 გუნდია: დელტა, თსუ-ჰიუნდაი და ქუთაისი

მემორიალზე დაუმარცხებელი 3 გუნდია: დელტა, თსუ-ჰიუნდაი და ქუთაისი

ქუთაისში მიმდინარე ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალურ ტურნირზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა და ლიდერებიც გამოიკვეთა. მართალია, 2-დან 2 მოგების მქონე “დელტამ”, “თსუ-ჰიუნდაიმ” და “ქუთაისმა” ფინალის საგზურები ვერ გაინაღდეს, თუმცა მიზანთან რომ სხვებზე ახლოს არიან, სატურნირო ცხრილიდან ნათლად ჩანს.

დღეს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული 4 მატჩიდან პირველი “დინამოსა” “დელტას” დაპირისპირება გახლდათ. ამ მატჩში შედეგი ბევრისთვის მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა და ლიდერთა შორის მყოფმა “დინამომ” 42 ქულით წააგო. არადა, “დელტას” ტრავმის გამო 3 მოთამაშე აკლდა, რომელთაგან 2 ლეგიონერია. მიუხედავად ამისა, ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა ჩვეული შემართებით იბრძოლა და ტიტულოვან მეტოქეს ძალიან იოლად სძლია.

დელტელებს 21 ქულით ბექა ბექაურმა ულიდერა. 13-13 ქულა თინეიჯერებმა – ვახტანგ გაფრინდაშვილმა და ივანე მეგენეიშვილმა დააგროვეს. ოთარ ფხაკაძემ 8 ქულა და 11 პასი მიითვალა. “დინამოში” 11 ქულით რეჯერ დოუელი გამოირჩა. 

“დელტას” 2 ტურის შემდეგ 2 მოგება აქვს და ხვალ “ბათუმს” დაუპირისპირდება და გამარჯვების სემთხვევაში ფინალში გავა. გააჩნია, როგორ დასრულდება ჯგუფის მეორე შეხვედრა, შესაძლოა, “დელტა” ბათუმელებთან წაგებითაც გავიდეს ფინალში. 

დელტა – დინამო
სტატისტიკა: 89:47

მეორე მატჩში 31-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. “თსუ-ჰიუნდაიმ”, რომელმაც პირველ ტურში “ოლიმპი” დაძაბულ ბრძოლაში – 81:80 დაამარცხდა, “კაკტუსს” შანსი არ დაუტოვა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა თსუ-ჰიუნდაელებმა მეორე ნახევარში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით იმარჯვეს – 106:75.

22 ქულით გამარჯვებულებს ჯეიმს მილიკენმა ულიდერა. 17 ქულით და 9 მოხსნით კორი სანდერსი გამოირჩა. 15 ქულა რატკო პეტრიჩის ანგარიშზე დაგროვდა. “კაკტუსში” 29 ქულით დელანო სპენსერი იყო აუკეთესო, დომინიკ ელიოტმა კი თავისიანებს 11 ქულა და 9 ქულა შემატა.

“თსუ-ჰიუნდაის” 2-დან 2 მოგება აქვს და ხვალ ნახევარფინალის ტოლსწორ მატჩში ასევე დაუმარცხებელ “ქუთაისს” შეხვდება. 2-2 წაგების მქონე “ოლიმპს” და “კაკტუსს” კი ჯგუფიდან გასვლის იმედი გადაწურული აქვთ. 

კაკტუსი – თსუ-ჰიუნდაი
სტატისტიკა: 75:106

პირველ ტურში “დინამოსთან” ბოლო წამებზე დამარცხებულმა “ბათუმმა” მეორე ტურის მატჩი “მგზავრებს” მოუგო და ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ზღვისპირელებმა “მგზავრებს” სძლიეს. მატჩმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. შეხვედრა დაძაბული ვერ გამოდგა. ბათუმელებმა საკმაოდ იოლად – 103:82 იმარჯვეს.

აჭარულმა გუნდმა პირველივე წუთებზე რომ მოიპოვა ლიდერობა, პრობლემა ფაქტობრივად აღარ შექმნია. დიდი შესვენებისთვის “ბათუმი” 6 ქულით იგებდა, მესამე პერიოდში კი უპირატესობა 12-ამდე გაზარდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გადაწყვიტა. ზღვისპირელებს კარგი ახალწვეულები ჰყავთ – კეისი შეპარდმა 35 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. დეიან იეფტიჩმა კი შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. 22 ქულით და 10 პასით გამოირჩა ნოდარ გოგოძე, 16 ქულა და 8 მოხსნა სტეფან ანდრეევიჩმა მიითვალა. “მგზავრებში” 23 ქულით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი, ხოლო ირაკლი ბეშქენაძის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა.

მგზავრები – ბათუმი
სტატისტიკა: 82:103

დღის ბოლო მატჩი ყველაზე დაძაბული გამოდგა. “ოლიმპმა” მასპინძელ “ქუთაისთან” თამაში შედეგიანად დაიწყო და პირველი პერიოდი 23:18 მოიგო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა თამაში მალევე გამოასწორა, ამერიკელი ლეგიონერების ლიდრობით მეორე პერიოდი 26:13 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 8 ქულით დაწინაურდა.

ქუთაისელებმა წარმატებული გარჯა მეორე ტაიმშიც გაგრძელეს და მესამე პერიოდის 19:15 მოგების შემდეგ 12 ქულით გალიდერდნენ. როგორც ყოველთვის, “ოლიმპმა” ამჯერადაც ბოლომდე იბრძოლა და რევაზ როგავას, მარკ ოგდენისა და მთლიანად, გუნდური თამაშის წყალობით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ჩარლზ ბენეტის სამქულიანის შემდეგ, მატჩის დასრულებამდე წუთზე ოდნავ მეტით ადრე, ტაბლოზე 76:76 დაფიქსირდა. 

მასპინძლების პასუხი დეჟუან რაიტის სამქულიანი და ლევან ფაცაციას 2 ზუსტი საჯარიმო იყო, რის შემდეგაც ქუთაისელები 81:76 დაწინაურდნენ. მატჩის დასრულებამდე დარჩენილ 40 წამში “ოლიმპის” გმირაულად მებრძოლმა მოთამაშეებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლეს და მემორიალის მოქმედმა ჩემპიონმა “ქუთაისმა” ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა – 83:78

26 ქულითა და 9 მოხსნით ქუთაისელებს რაიტმა ულიდერა. 14 ქულა მიითვალა ელჯეი ბუსმა. 8-8 ქულით დაასრულეს შეხვედრა ჯონათან ლიმ და ლევან ფაცაციამ. “ოლიმპში” 17 ქულითა და 19 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი. 17 ქულა მიითვალა რევაზ როგავამ.

“კაკტუსისა” და “ოლიმპის” ხვალინდელი მატჩი სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოა, ხოლო B ჯგუფის მეორე შეხვედრა, როგორც ზემოთ ვთქვით, ნახევარფინალის ტოლფასია. “ქუთაისისა” და “თსუ-ჰიუნდაის” მატჩის მოგებული ფინალში გადის.

ქუთაისი – ოლიმპი
სტატისტიკა: 83:78