მეორე სპარინგ-მატჩში საქართველომ სომხეთი გაანადგურა

მეორე სპარინგ-მატჩში საქართველომ სომხეთი გაანადგურა

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 16–წლამდელთა ნაკრებმა სომეხი თანატოლები მეორე სპარინგ-მატჩშიც დაამარცხა. თუკი გუშინ გამართულ პირველ შეხვედრაში ქართველებს შედარებით გაუჭირდათ მეტოქის ძლევა (54:45), დღეს ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე 43 ქულის სხვაობით – 73:30 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრებში ორმაგი დუბლით სოსო მაჭავარიანი გამოირჩა, რომელმაც 15 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. სხვათა შორის, საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატში მაჭავარიანი “ავერსის” მაისურით მატჩში საშუალოდ სწორედ 15 ქულასა და 12 მოხსნას აგროვებს. ყველაზე მეტი – 15 მოხსნა – მაიზერ რევაზაშვილმა მოაგროვა. ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშე იური ხალათიანი გახლდათ, რომელმაც 14 ქულა მიითვალა, ხოლო ათქულიანი ზღვარს ირაკლი ემირიძემაც (10) მიაღწია.
სომხეთის ნაკრებში კი ყველა მოთამაშე მოკრძალებული იყო, რაც ჩვენი გუნდის გააზრებული და ზუსტი თამაშის დამსახურება გახლდათ. ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც ათქულიან ზღვარს მიაღწია და თან ორმაგი დუბლი შეასრულა, რაფიკ აივაზიანი გახლდათ, რომელმაც 10 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
გია კაზანჯიანი სომხეთთან გამართულ შეხვედრებს 16–წლამდელთა ნაკრების კანდიდატთა შესარჩევად გამოიყენებს. მოგეხსენებათ, მომავალ ზაფხულში, ჩვენს კადეტებს ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) უწევთ თამაში. ჯგუფში საქართველოს მეტოქეები რუმინეთის, მონტენეგროს, ბოსნიისა და ესტონეთის ნაკრებები იქნებიან. ტურნირს 19–დან 29 აგვისტომდე რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი უმასპინძლებს.
ამხანაგური მატჩი. კალათბურთის აკადემია. 22 დეკემბერი. 17 საათი
საქართველო (U-16) 73:30 სომხეთი (U-16)
13:4, 18:10, 18:9, 24:7
საქართველო: ბობილევი (3), ჩიჩუა, ცინცაძე (6), მგალობლიშვილი, მაჭავარიანი (15 ქულა, 12 მოხსნა), რევაზაშვილი (6 ქულა, 15 მოხსნა), ემირიძე (10), ისიანი (4), ხალათიანი (14), ლომიძე (8), გოგოლაძე (7)
სომხეთი: აივაზიანი (10 ქულა, 11 მოხსნა)