მეტრეველის 15 ქულა და 16 მოხსნა “პაფონის” გამარჯვებაში

მეტრეველის 15 ქულა და 16 მოხსნა “პაფონის” გამარჯვებაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ნიკა მეტრეველმა თავის ახალ გუნდში პირველი ორმაგი დუბლი მიითვალა. „ნასიონალ A“-ს მორიგ ტურში მეტრეველის „პაფონი ომენამ“ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში – 92:90 დაამარცხა „კიეტა“ და ამ უკანასკნელს ცხრილში გადაასწრო.
 

 
მეტრეველი „პაფონში“ დეკემბერის ბოლოს გადავიდა და ახალი გუნდის შემადგენლობაში მეორე მატჩი ჩაატარა. ნიკამ პირველ მატჩში მხოლოდ 18 წუთი ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესო იყო, „კიეტისთან“ კი მეტრეველი სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე  34 წუთი გაატარა და კვლავ გამოირჩა.
 
მეტრეველმა 12-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში ქართველმა ფორვარდმა 15 ქულა, 16 მოხსნა, 2 ჩაჭარა და თოთო პას-დაფარება მიითვალა. მეტრეველი თავის გუნდში იყო ერთადერთი, რომელმაც მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა. „პაფონის“ შემადგენლობაში ბომბარდირი 23 ქულით ანდრეა საზაჯი გახდა, ხოლო სტეფანო მასკიარდიმ 22 მოინაგრა.
 
9 მოგებითა და 8 წაგებით „პაფონ ომენა“ მე-8 ადგილზეა. ამ გამარჯვებით მეტრეველის გუნდმა ცხრილში სწორედ „კიეტას“ გადაასწრო. ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, 19 იანვარს, „პაფონი ომენა“  „მატერას“ უმასპინძლებს.