მეტრეველმა ეროვნული ნაკრები საკუთარი სურვილით დატოვა

მეტრეველმა ეროვნული ნაკრები საკუთარი სურვილით დატოვა

ჰოლანდიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა უკვე ორი ვარჯიში გამართა. იგორ კოკოშკოვოს გუნდმა გუშინ საღამოს და დღეს დილას ქალაქ ალმერის იმ დარბაზში ივარჯიშა, სადაც საერთაშორისო ტურნირი “Euro Jam Countdown” გაიმართება.
 
შეგახსენებთ, რომ ტურნირში საქართევლოს გარდა ჰოლანდიისა და ისრაელის ნაკრებები გამოდიან. მეოთხე მონაწილე კი ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA) გუნდი „ვილანოვაა“. საქართველოს ნაკრები ჰოლანდიურ ტურნირზე 14 კალათბურთელით ჩავიდა. ესენი არიან:
 
უკანახაზელები: გიორგი ცინცაძე, გიორგი გამყრელიძე, მარკიზ ჰეინესი, მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა, ლაშა ფარღალავა
 
ფორვარდები: თორნიკე შენგელია, ვლადიმერ ბოისა, ლევან ფაცაცია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე
 
ცენტრები: ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, გიორგი შარაბიძე
 
როგორც ხედავთ, ნაკრებში არ არის ნიკა მეტრეველი, რომელიც აქამდე კოკოშკოვის გუნდთან ვარჯიშობდა. თუ რატომ არ ახლავს მეტრეველი ნაკრებს, ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ნაკრების გენერალური მენეჯერი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, მერაბ რატიშვილი ჰოლანდიიდან აკეთებს:
 

 
„ნიკა მეტრეველის ნაკრებიდან წასვლა მისივე ინიციატივით იყო განპირობებული. იგი მივიდა მთავარ მწვრთნელთან და უთხრა, რომ თავის ახალ კლუბ, იტალიის სერია A–ში მოთამაშე „სესარი დინამოში“ ელოდებიან. მეტრეველის განცხადებით, იგი ახალი გუნდის შეკრებაზე 17–18 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს. მეტრეველმა თხოვა მწვრთნელს, რომ ის გაენთავისუფლებინა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ნიკა მეტრეველმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება დატოვა“.
 
ნაკრების გენერალური მენეჯერის განცხადებით, გუნდი ჰოლანდიაში იდეალურ პირობებშია, კარგად მოეწყო და დღევანდელი მატჩისთვის ემზადება. ქართველები დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე მასპინძელ ჰოლანდიელებს შეხვდებიან. ხვალ ჩვენები ისრაელს დაუპირისპირდებიან, რომელსაც გუნდის მთავარი ლიდერი ომრი კაასპი დაუშავდა, ხოლო ტურნირის დასკვნით მატჩში, 14 აგვისტოს, კოკოშკოვის გუნდი ვილანოვას უნივერსიტეტის გუნდს შეხვდება.