მგზავრები ქუთაისთან დამარცხდა და ცხრილში ბოლო ადგილზე დარჩა

მგზავრები ქუთაისთან დამარცხდა და ცხრილში ბოლო ადგილზე დარჩა

სუპერლიგის მორიგი მატჩი დასრულდა, რომელშიც აუტსაიდერი დამარცხდა. ბუბა ბერიშვილის “მგზავრები” ბოლო ადგილზეა და სუპელიგაში დარჩენისთვის იბრძვის. დღეს ამ გუნდის მეტოქე ერთ-ერთი ლიდერი “ქუთაისი” გახლდათ, რომელსაც ცხრილში მეორე ადგილში ალბათ ვერავინ შეეცილება. მიუხედავად დიდი ბრძოლისა და თავდადებისა, მგზავრებმა გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვა და დღესდღეობით სუპერლიგიდან გავარდნის მთავარი კანდიდატია.

ქუთაისელთა შემადგენლობაში არ იყო 2 ლეგიონერი – დეჟუან რაითი და ლუკ მოიერი. თუმცა ვინც მოედანზე იყო, ბოლომდე იბრძოდა და შესაბამისად, ქუთაისელებს არ გასჭირვებიათ. პირველი პერიოდი ქუთაისელებმა 18:14 მოიგეს, ხოლო მეორეში 21:18 იძალეს და დიდ შესვემებაზე 7-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე პერიოდი მგზავრებმა 27:20 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ ფრე იყო, ხოლო გადამწყვეტი პერიოდის დასაწყისში მგზავრები 67:61 დაწინაურდნენ და სანატრელ გამარჯვებას მიუახლოვდნენ. 

ქუთაისელებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და ერთ მუშტად შეიკრნენ. კაჰიმ რენსომის მეთაურობით იმერულმა კლუბმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი დაწინაურდა კიდეც და გასამარჯვებლად საკმარის ლიდერობას დაეპატრონა. საბოლოოდ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა 83:76 (სტატისტიკა) იმარჯვეს და მეორე ადგილი გაიმყარეს. მგზავრები კი ბოლო ადგილზეა 4 მოგებითა და 12 მარცხით.

ქუთაისელებს 25 ქულითა და 1 პასით კაჰიმ რენსომმა ულიდერა. 23 ქულა ჟოელ ალმეიდამ, ხოლო 11 -ლევან გრძელიძემ მიითვალა. მგზავრებში 25 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ტროი სტიუარდი. 16 ქულა ტეილორ ედვეიმ მიითვალა, ხოლო სოსო გოგნაძის ანგარიშზე 14 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა.