მგზავრების პირველი გამარჯვება და ტიტების პირველი მარცხი სუპერლიგაში

მგზავრების პირველი გამარჯვება და ტიტების პირველი მარცხი სუპერლიგაში

დასრულდა სუპერლიგის მე-4 ტური, რომლის ფარგლებშიც 4 მატჩი გაიმართა, ხოლო 1 შეხვედრა გადაიდო. “რუსთავისა” და “ქუთაისის” დაპირისპირება მოგვიანებით შედგება. რაც შეეხება ტურის ბოლო მატჩს, “ტიტებისა” და “მგზავრების” ორთაბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა. სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: 3 წაგების მქონე გუნდმა დაუმარცხებელ მეტოქეს სძლია. 

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” იბრძოლა, იომა და მიმდინარე სუპერლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა – 79:77 (სტატისტიკა). აქვე აღვნიშნავთ, რომ მე-4 ტურის წინ ჩემპიონატში 3 გუნდი იყო მოგების გარეშე, თუმცა მგზავრებმაც, ვერამაც და ოლიმპმაც მოახერხეს სასურველი შედეგების დაფიქსირება და სუპერლიგაში წაუგებელი გუნდი აღარ დარჩა.

მგზავრებმა მატჩი ბოლო წამებზე მოიგო, თუმცა ბერიშვილის გუნდის გამარჯვება დამსახურებული იყო. მგზავრები თავიდანვე იგებდა და მათმა ლიდერობამ პირველი ტაიმის ბოლოს მაქსიმუმს – 9 ქულას (45:36) მიაღიწა. მანუჩარ მარკოიშვილმა შესვენება კარგად გამოიყენა და მეორე ტაიმში მოედანზე დაბრუნებული “ტიტების” კალათბურთელები შედეგიანად ათამაშდნენ. ლეგიონერებმა ტემპს და შედეგიანობას უმატეს, ხოლო აკაკი ლომოურმა მნიშვნელოვანი სამქულიანი მიითვალა და მესამე პერიოდის შუაწელში ტიტებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 49:50.

ბოლო პერიოდში მარკოიშვილის გუნდმა დაწინაურებაც მოახერხა. ჯორდონ თალის ზუსტი შეტევის შემდეგ, საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე ტიტებმა ხელჩასაჭიდი – ხუთქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 73:68. ბერიშვილმა წუთშესვენება აიღო, ხოლო თამაში საკუთარ თავზე მგზავრების უკანახაზელმა ჯეიდონ კოჰმა აიღო. ამერიკელი ლეგიონერის მიჯრით მითვლილი 5 ქულის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა – 75:75. ტიტების შეტევაში დავით ლომიძემ სამქულიანი ააცილა და კოჰმა კვლავ შეუტია, რომელიც ჯარიმით შეაჩერეს და ამერიკელმა საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე ორივე სროლა ჩააგდო – 77:75.

ტიტების უკანახაზელმა, ტაილან ბერდსმა ასევე საჯარიმოებით გაათანაბრა ანგარიში და მგზავრებს შესატევად 16 წამი დარჩა. ჯეიდონ კოჰმა დრიბლინგით დრო გაიყვანა და მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე ტიტების ფარქვეშ შეიჭრა. ჯარიმა და ამერიკელმა კვლავ ზუსტად შეასრულა საჯარიმოები – 79:77 დასრულებამდე 4 წამით ადრე. მარკოიშვილს წუთშესვენებების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა და ტიტებმა ვერც შეტევა დაგეგმეს და ბურთის თამაშში შეტანა საკუთარი ფარქვეშიდან მოუხდათ. 4 წამი საკმარისი არ აღმოჩნდა გააზრებული შეტევის განსახორიცელებლად და დროც ამოიწურა.

მატჩის გმირმა ჯეიდონ კოჰმა მგზავრებს 18 ქულა შესძინა (9 ბოლო 3 წუთში). ყველაზე შედეგიანი კი გამარჯვებულთაგან ტროი სტიუარტი გახლდათ 20 ქულითა და 8 მოხსნით. 18 ქულა ტეილორ ედვეიმ მოაგროვა. ტიტებში 24 ქულით საუკეთესო იყო ტაილან ბერდსი, ხოლო ჯორდან თალის ანგარიშზე 17 ქულა და 8 პასი დაგროვდა.