“მგზავრებმა” “დელტა” დაამარცხა და სუპერლიგის ცხრილში გაუთანაბრდა

“მგზავრებმა” “დელტა” დაამარცხა და სუპერლიგის ცხრილში გაუთანაბრდა

როგორც მიმდინარე ტურის ყველა წინა მატჩი, “მგზავრებისა” და “დელტას” მატჩიც დაძაბული გამოდგა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, მანამდე კი, მთელი თამაშის განმავლობაში, თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. 

შეხვედრის დასაწყისში “მგზავრებმა” მცირე უპირატესობა მოიპოვეს, რომელსაც ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდნენ. “დელტა” ცდილობდა წამოწევას, მაგრამ დეფიციტს ბოლომდე ვერ აბათილებდა, თუმცა მეტოქეს დიდი სხვაობითაც არ ჩამორჩებოდა.

ბოლო პერიოდის წინ “მგზავრები” 7 ქულით იგებდნენ, მაგრამ “დელტამ” გუნდური თამაშის წყალობით შეძლო დაწინაურება. ეს მოხდა თამაშის დასრულებამდე 3:20 წუთით ადრე, როცა საბა ლობჯანიძემ ორივე საჯარიმო ჩააგდო – 66:65. ადრიან ბოუისა და ჯეიკობ არმსტრონგის ქულებით “მგზავრები” კვლავ დაწინაურდნენ – 68:66.

“დელტას” შეეძლო გათანაბრება, მაგრამ საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე ლობჯანიძემ 2-დან მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო, ადრიან ბოუიმ კი ორივე საჯარიმო გამოიყენა და “მგზავრები” 70:67 გალიდერდა. შეხვედრის ბოლო წამზე ოთო ფხაკაძის გამთანაბრებელი სამქულიანი მიზანს ასცდა და “მგზავრებმა” მიმდინარე სუპერლიგაში მე-6 გამარჯვება მოიპოვა, რითაც “დელტას” გაუთანაბრდა.

გამარჯვებულთაგან 29 ქულით და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ადრიან ბოუი. 17 ქულა დააგროვა ჯეიკობ არმსტრონგმა, ხოლო 15 ქულა კახა ჯინჭარაძის ანგარიშზე დაგროვდა. “დელტაში” 13-13 ქულით ბექა ბექაური და საბა ლობჯანიძე გამოირჩნენ. 12 ქულა მოაგროვა გეგი ბაქრაძემ, ახალწვეულმა ერიკ ნოთიჯმა კი შეხვედრა 9-9 ქულა-მოხსნით დაასრულა.

დელტა – მგზავრები
სტატისტიკა: 67:70