“მგზავრებს” “დინამოს” დასამარცხებლად 3 პერიოდი ეყო

“მგზავრებს” “დინამოს” დასამარცხებლად 3 პერიოდი ეყო

გუშინ ბათუმში დაწყებული სუპერლიგის მე-12 ტური დღეს თბილისში გაგრძელდა. ოლიმპიურ სასახლეში დაგეგმილი 4 მატჩიდან პირველი დასრულდა. უთანასწორო ბრძოლაში “მგზავრებმა” “დინამო” 88:71 დაამარცხა. მატჩი ვერ გამოდგა ისეთი საინტერესო, როგორიც სატურნირო ვითარებიდან ჩანდა. 8 მოგებითა და 3 მარცხით დინამოელები მეორე ადგილზე იყვნენ, ხოლო “მგზავრებს” 7 მოგება – 4 მარცხით მომდევნო პოზიცია ეკავა.

მატჩის დასაწყისი არ მიანიშნებდა იმაზე, რომ ბოლო პერიოდს აზრი დაეკარგებოდა. თანაბარ, ორმხრივ ბრძლაში გალეული საწყისი ათწუთეული “მგზავრებმა” ქულით – 20:19 მოიგეს. მეორე მეოთხედიც თანაბრად დაიწყო, რომლის დასკვნით წუთებზე  სისწრაფისა და ზუსტი სროლების ხაჯზე ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა უპირატესობა მოიპოვა. ადრიან ბოუის წინამძღოლობით “მგზავრებმა” დიდი შესვენებისთვის ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა – 42:35. 

მატჩის ბედი მესამე პერიოდშივე გადაწყდა. “დინამოს” შეტევაში საქმე არ მისდიოდა – “მგზავრების” დაცვა საკმაოდ მედგრად და მობილურად თამაშობდა. “მგზავრების” ლეგიონერებმა და კახა ჯინჭარაძემ კი თავის გუნდს იმდენი ქულა მიუთვალეს, რომ მესამე პერიოდის ბოლოს მატჩის ბედი გაირკვა. 32:11 მოგებული მეოთხედის შემდეგ, ბოლო ათწუთეულის წინ ბერიშვილის გუნდი 28 ქულით – 74:46 დაწინაურდა. 

ბოლო პერიოდში სარბიელი ძირითადად ახალგაზრდა, სათადარიგო მოთამაშეებს დაეთმოთ და მატჩი მშვიდ ვითარებაში ჩამთავრდა. “მგზავრებმა” საბოლოოდ 17 ქულით გაიმარჯვა, რაშიც ლომის წილი კახა ჯინჭარაძემ და ადრიან ბოუიმ დაიდეს. ჯინჭარაძემ 20 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა, ბოუი კი  27 ქულით, 8 პასით, 5 მოხსნით და 4 ჩაჭრით გამოირჩა. დინამოში საუკეთესო იყო დემაგოი ბუბალო – 22 ქულა და 9 მოხსნა. რეჯერ დოუელმა კი შეხვედრა 16 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

დინამო – მგზავრები
სტატისტიკა: 71:88