სუპერლიგის მე-20 ტურის ბოლო 2 მატჩს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ცხრილში მეზობლები – თანაბარი კალიბრის მეტოქეები – მარნეულის “დელტა” და თბილისის “მგზავრები” შეხვდნენ. მატჩმა არ გაამართლა. ბრძოლა, რომელსაც მაყურებელი ელოდა, არ შედგა. “მგზავრებმა” საკმაოდ იოლად – 94:79 იმარჯვა და დღევანდელ მეტოქესთან დაკარგული ქულებით უპირტესობა მოიპოვა.
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” პირველივე პერიოდში დამაჯერებელი ლიდერობა მოიპოვეს. კახა ჯინჭარაძისა და ამერიკელი ლეგიონერების – ბერნარდ ნკალის, ადრიან ბოუისა და ტეილორ სტეფორდის შედეგიანობით პირველი პერიოდი 31:16 მოიგეს და ტემპი არც მეორე ათწუთეულში დააგდეს. დიდ შესვენებამდე ბევრი არაფერი შეცვლილა და “მგზავრებს” 13-ქულიანი ლიდერობა შერჩათ, თუმცა მესამე პერიოდში თბილისელების უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყდა.
ბოლო მეოთხედი ფორმალობა გამოდა, რომელიც “დელტამ” 24:18 მოიგო, თუმცა საბოლოოდ მაინც გვარიანი სხვაობით დამარცხდა. “მგზავრებს” 25 ქულით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა. 16 ქულა დააგროვა ბერნარდ ნკალიმ, ხოლო დავით ბარბაქაძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. “მარნეულში” 16 ქულით საუკეთესო იყო ნიკოლას ნილი. 13 ქულა დეანდრე რეიმ მიითვალა.
ტურის ბოლო მატჩში “დინამო” და “კაკტუსი” დაუპირისპირდებიან.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
თემურ კანკია – „მარნეულის“ მთავარი მწვრთნელი:
„სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი მოთამაშე დაგვაკლდა შვეცის სახით, აქედან გამომდინარე, მის პოზიციაზე მხოლოდ ერთი მაღალი მოთამაშე გვყავდა, რომელიც არც ისე კარგ ფიზიკურ კონდიციაშია. შედეგიც სახეზეა.“
ბუბა ბერიშვილი – „მგზავრების“ მთავარი მწვრთნელი:
„მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგანაც თანაბარი მოგებები გვქონდა და მაქსიმალურად მოვემზადეთ ამ გუნდისთვის, რომ ცხრილში უფრო მაღლა ავწეულიყავით. ეს ანგარიშზეც აისახა, ვერ ვიტყვი, რომ დაძაბული თამაში იყო. შემდეგშიც ვეცდებით, კარგად ვიმუშაოთ.“
მარნეული – მგზავრები
სტატისტიკა: 79:95