მიხეილ ბერუაშილი: “ბიჭები არაფერს არ იშურებენ, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ”

მიხეილ ბერუაშილი: “ბიჭები არაფერს არ იშურებენ, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ”

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო ევროპირველობის B დივიზიონში ასპარეზობა. მიხეილ ბერუაშვილის გუნდი პირველივე მატჩში ჰოლანდიასთან 50:92 დამარცხდა და ამ წაგებამ, ცხადია, მთელს გუნდზე ცუდი გავლენა იქონია. მართალია, ქართევლებმა მომდევნო მატჩებში ღირსეულად იბრძოლეს, თუმცა ბოსნიისა და ბელგიის დამარცხება ვეღარ მოახერხეს. დღეს საქართველო პორტუგალიას ეთამაშება, რომელსაც ჯგუფში ჰოლანდია ჰყავს დამარცხებული. პორტუგალიასთან მატჩი დღეს თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება, მანამდე კი მთავარ მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილთან ინტერვიუს გაეცანით, რომელსაც სარაევოში დავუკავშირდით…
 

 
– ასეთ წარუმატებელ სტარტს ძნელად თუ წარმოვიდგენდით…
 
– ჰოლანდიასთან მატჩმა ძალიან ცუდად იმოქმედა. პირველი მატჩი იყო და ბიჭებს გაუჭირდათ. ეს გასამართლებელი მომენტი არ არის, ასეთი დიდი სხვაობით მაინც არ უნდა წაგვეგო, მაგრამ ყველაფერში ხელი მოგვეცარა. თამაში ყოველმხრივად ჩავაგდეთ.
 
– რამე გაუთვალისწინებელი ხომ არ მოხდა? ნუთუ საქართველოსა და ჰოლანდიას შორის კლასში ამხელა სხვაობაა?
 
– ამხელა სხვაობა ნამდვილად არ არის. საერთოდ, ჯგუფი საკმაოდ თანაბარია. ჰოლანდიის დამმარცხებელ ბოსნიას მეორე დღეს შევხვდით და გამარჯვების შანსიც გვქონდა. ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და წარმატების შანსსაც საფინალო წუთებამდე ვინარჩუნებდით. ასევე იყო წინა მატჩში, ბელგიასთან, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში 5–10 ქულით ლიდერობდა, ჩვენ კი გადამწყვეტი იერიშის მოსაწყობად და გამარჯვების მისაღწევად ძალა არ გვეყო.
 

ჰოლანდია – საქართველო
 
– რისი ბრალია, რომ სამიდან ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგეთ?
 
– ძნელია კონკრეტულად რამეს, ან ვინმეს დააბრალო. ბიჭები არაფერს არ იშურებენ, მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ალბათ მეტი შეთამაშებაა საჭირო, რითაც ჩვენი მეტოქეები გვჯობნიან. ისინი შუა ევროპაში არიან და ტურნირის დაწყებამდე არაერთ საკონტროლო მატჩს მართავენ.
 
– დღეს პორტუგალიას ხვდებით, რომელმაც ჰოლანდია დაამარცხა…
 
– არ აქვს მნიშვნელობა, ვის შევხვდებით. ტურნირზე ყველა მეტოქე ანგარიშგასაწევია და ჩვენც მაქსიმალური მობილიზებით ვხვდებით პორტუგალიასთან მატჩს. ვეცდებით, გავტეხოთ ნავსი და პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ.
 
– ტრავმების მხრივ როგორი სიტუაციაა?
 
– ოთარ ბულიავას აწუხებს მცირე ტრავმა. სხვა მხრივ, ყველაფეფერი წესრიგშია.