მიხეილ ბერუაშვილი: 18-წლამდელთა ნაკრებში ადგილი არავის აქვს გარანტირებული

მიხეილ ბერუაშვილი: 18-წლამდელთა ნაკრებში ადგილი არავის აქვს გარანტირებული

ასაკობრივი ნაკრებებიდან გასულ სეზონში ყველაზე უკეთ საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები გამოვიდა. გია კაზანჯიანის დამოძღვრილმა კადეტებმა ესტონეთში გამართულ B დივიზიონში 7 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს, თუმცა A დივიზიონში ვერ გადავიდნენ. მათ საკვანძო მატჩი წააგეს და საუკეთესო ორეულში მოხვედრა ვერ მოახერხეს. იმ გუნდის ბირთვს წლეულს 18–წლამდელთა ნაკრებში უწევს თამაში, რომელსაც მიხეილ ბერუაშვილი წვრთნის. სავარაუდოდ, უფროს ასაკში გადასული ეს თაობა კვლავ კონკურენტუნარიანი იქნება და ევროპის ჩემპიონატზე ელიტაში ასანაცვლებლად იბრძოლებს. ბულგარეთში 21–31 ივლისს გასამართ ევროტურნირში საქართველოს ნაკრები ჯგუფში უნგრეთთან, ლუქსემბურგთან, ავსტრიასთან და მასპინძელ ბულგარეთთან მოხვდა. ბერუაშვილი ნაკრებში მუშაობას უკვე შეუდგა და ჩვენს ვებ–გვერდსაც ამის შესახებ ესაუბრება
 

 
– ვარჯიში მარტის შუა რიცხვებში დავიწყეთ. რამდენიმე წვრთნა რუსთავში ჩავატარეთ, რის შემდეგაც ვაკეში მდებარე, ახალგარემონტებულ „საკალათბურთო აკადემიის“ დარბაზში გადავედით.
– რამდენი მოთამაშე გყავთ გამოძახებული?
– კონკრეტულ ციფრს ვერ დავასახელებ. გენერალური შეკრება ჯერ არ დაგვიწყია. ამ ვარჯიშებს მე სელექციის პროცესს დავარქმევდი. ჩვენ ვიბარებთ სხვადასხვა მოთამაშეებს და პირადად ვეცნობით მათ.
– ნაკრებს ხომ ჰყავს თავისი ბირთვი. მათზე რას იტყვით?
– ბირთვად შეიძლება ის ახალგაზრდები ჩითვალოს, რომლებმაც გასულ წელს 16–წლამდელებში ითამაშეს და საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენეს. თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ ნაკრებში ის ითამაშებს, ვინც ამას დაიმსახურებს. არა აქვს მნიშვნელობა, შარშან გამოიჩინა თავი თუ შარშანწინ. ვინც კონკრეტულად წლეულს იქნება ფორმაში და ჩვენს გუნდს გამოადგება, ნაკრებშიც იმას ავიყვან. მინდა ვთქვა, რომ გუნდში ადგილი გარანტირებული არავის არა აქვს.
– ამ ასაკში მოთამაშე პერსპექტიულ ახალგაზრდებზე ინფორმაცია საიდან გაქვთ?
– ვესწრები საქართველოს 18–წლამდელთა ჩემპიონატს. ვაკვირდები გუნდებს და შესაბამისად, ყველა იმ მოთამაშეს, რომელიც წამყვანი და გამორჩეულია, ნაკრებში ვეძახი. ქუთაისის გუნდიდან 3 კალათბურთელი შევარჩიეთ, თუმცა არიან იქ კიდევ ისეთები, რომლებსაც ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვთ. ბათუმის გუნდიდან გვყავს რამდენიმე მოთამაშე. რეგიონებიდან ფოთის გუნდი დამრჩა სანახავი.
– როდის დაასრულებთ სელექციის პროცესს?
– მაისის შუა რიცხვებში დავიწყებთ გენერალურ შეკრებას ყოველდღიური ვარჯიშებით, სადაც საუკეთესო 20 მოთამაშეს მოვიწვევთ. ამ შემადგენლობიდან მოხდება გაცხრილვა და საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე წავლენ. ეს ივლისში მოხდება.
– მოსამზადებელი მატჩების ჩატარებას თუ გეგმავთ?
– თითქმის გადაწყვეტილია, რომ ივნისში 18–წლამდელთა ნაკრები ამხანაგური მატჩების გასამართად უკრაინაში გაემგზავრება. თუმცა ეს ყველაფერი არაა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ამ საკითხზე მუშაობენ და სავარაუდოდ, უკრაინელების გარდა სხვა სპარინგ–პარტნიორიც გვეყოლება.
– რამდენად ძლიერ ჯგუფში მოხვდით?
– საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ იოლი ჯგუფი არ არსებობს. საქართველოს ყოველთვის ბრძოლა უხდებოდა და ვფიქრობ, ბრძოლა ახლაც არანაკლებად მოგვიწევს. ის, რომ მასპინძელია ჩვენს ჯგუფში, რა თქმა უნდა, არაა კარგი. ბულგარეთის ნაკრები ალბათ ყველაზე უხერხული მეტიქე იქნება, თუმცა ჩვენ დანარჩენი მეტოქეების მსგავსად, მასპინძლების დამარცხებასაც ვეცდებით. პირველ შეხვედრა ლუქსემბურგთან გვაქვს, რის შემდეგაც უკეთესად გავერკვევით სიტუაციაში. ეს ისეთი ასაკია, როცა მოთამაშეს პროფესიულად ძალიან დიდი ნახტომის გაკეთება შეუძლია. შესაბამისად, შესაძლოა, ვინც შედარებით სუსტი გვგონია, ძლიერი აღმოჩნდეს და პირიქით. ამიტომ, სანამ საქმეში არ ვნახავთ ჩვენს მეტოქეებს, მათ სიძლიერეზე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით.
– ის ფაქტი, რომ შარშან 16–წლამდელთა ნაკრებს სულ ცოტა დააკლდა ელიტაში ასასვლელად, თქვენ ალბათ მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებთ. იმ გუნდის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხომ თქვენს ასაკში გადმოინაცვლა…
– პასუხისმგებლობა ყოველთვის აკისრია მწვრთნელს. საქმე საქართველოს საერთაშორისო არენაზე გაყვანას და მისი სახელის დაცვას ეხება. ასე რომ, პასუხისმგებლობას ყოველთვის ვგრძნობ და ცხადია, ამ შემთხვევაშიც დიდია ეს განცდა. ბულგარეთში გუნდს გასამარჯვებლად წავიყვან. ვეცდებით, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. ყველაფერი კი ჯგუფიდან გასვლით უნდა დავიწყოთ.