მიხეილ ბერუაშვილი: სიმაღლე არ გვაკლია, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს

მიხეილ ბერუაშვილი: სიმაღლე არ გვაკლია, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე ასპარეზობა გუშინ დაასრულა, 16–წლამდელები – ახლა თამაშობენ, ხოლო 18–წალმდელთა ნაკრები კონტინენტის პირველობისთვის შუა სამზადისშია. B დივიზიონის მატჩებს 9–დან 19 აგვისტოს ჩათვლით ბოსნიის დედაქალაქი სარაევო უმასპინძლებს. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი 18–წლამდელები უკვე სრული შემადგენლობით ვარჯიშობენ. ეროვნული გამოცდების გამო კალათბურთელები ვარჯიშებზე ჩვეულ რიტმში სიარულს ვერ ახერხებდნენ. ჭაბუკთა ნაკრები 28 ივლისს ესტონეთში გაემგზავრება, სადაც 3 საკონტროლო მატჩს გამართავს. გვესაუბრება 18–წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხეილ ბერუაშვილი
 

 
– ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება როდიდან დაიწყეთ?
 
– შეკრება 10 ივნისიდან ფიზიკური ვარჯიშებით დავიწყეთ, ხოლო 3 ივლისიდან უკვე დარბაზში შევედით და ბურთთან ერთად ორჯერად ვარჯიშებზე გადავედით.
 
– რამდენი კანდიდატი გამოიძახეთ შეკრებაზე?
 
– კანდიდატების შერჩევა ეხლა არ დაგვიწყია. მთელი გასული წლის მანძილზე ვარჯიშებზე სხვადასხვა გამორჩეულ კალათბურთელებს ვიბარებდით. მთლიანობაში 40–ამდე მოთამაშე გამოვცადეთ, საიდანაც 17–18 დავიტოვეთ. სამწუხაროდ, ტრავმებისა და ეროვნული გამოცდების გამო სრულ შემადგენლობას თავს ვერ ვუყრიდით. რამდენიმე დღეა, გამოცდები დასრულდა და მოთამაშეები სრული დატვირთვით ვარჯიშობენ. შეზღუდული არავინაა. ერთადერთი ბექა ბურჯანაძე გვაკლია, რომელმაც 20–წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და სავარაუდოდ, ხვალიდან შემოგვიერთდება.
 
– ტრავმირებულების საქმე როგორაა?
 
– ალექსანდრე ბოლქვაძეს ხერხემლის პრობლემები აქვს და სავარაუდოდ, ოპერაცია დასჭირდება. ის ევროპის ჩმპიონატზე ვერ წამოვა. ლევან ლოლიშვილს კუნთი აქვს დაზიანებული და თუკი რეაბილიტაციას მოასწრებს და ფორმაში შევა, მიძირითად გუნდში შევიყვანთ.
 
– მოსამზადებელ მატჩებს თუ გეგმავთ?
 
– 28 ივლისს ევრონეთში მივემგზავრებით, სადაც საერთაშორისო ტურნირზე სამ საკონტროლო მატჩს ჩავატარებთ. ესტონეთიდან დაბრუნების შემდეგ გაირკვევა ის შემადგენლობა, რომლითაც ევროპის ჩემპიონატზე გავემგზავრებით.
 
– როგორ შეაფასებთ პირველ ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს მეტოქეებს?
 
– მოგეხსენებათ, ასაკობრივ ნაკრებებში შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება. ამ თაობის უმეტესობა გასულ წელლ 16–წლამდელებში თამაშობდა. როგორც კადეტთა მწვრთნელ გია კაზანჯიანისგან ვიცი, ჩვენს პირველ მეტოქე ჰოლანდიას საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს. არც პორტუგალია, ბოსნია და ბელგია არიან ხელწამოსაკრავნი.
 
– სხვა ასაკობრივი ნაკრებებისგან განსვავებით, 18–წლამდელებს სიმაღლის პრობლემა არ აწუხეს…
 
– სხვა ნაკრებებთან შედარებით ნამდვილად უკეთესო მდგომარეობაა. მარტო ის რად ღირს, რომ მერაბ მირზიაშვილი 210 სანტიმეტრი სიმაღლისაა. ზოგადად, საკმაოდ დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს, მაგრამ სამუშაო ბევრია. ვცდილობთ, ყველა კომპონენტში საუკეთესოდ მოვემზადოთ და ევროპის ჩემპიონატზე სრულ მზადყოფნაში გავემგზავროთ.