დღეს A დივიზიონთან ერთად ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონიც მთავრდება. ორივე ტურნირში ფინალებია დარჩენილი, ასევე თამაშდება ტურნირის ყველა ადგილი. B დივიზიონის ფინალში ესტონეთი რუმინეთს შეხვდება და ამ მატჩს მთავარი მსაჯის ამპლუით საქართველოს წარმომადგენელი, მიხეილ ვართანოვი მოემსახურება.
ვართანოვისთვის ეს გახლავთ მეორე ფინალური მატჩი მიმდინარე ზაფხულის ასაკობრივ ჩემპიონატებში. 14 ივლის მან 16-წლამდელთა C დივიზიონის ფინალი იმსაჯა, რის შემდეგაც, B დივიზიონში დიდი დაფასება ხვდა წილად. ქართველმა არბიტრმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის მატჩების შემდეგ პლეი ოფის ყველა ეტაპის მატჩები იმსაჯა.
მიხეილ ვართანოვს მოუწია მეოთხედფინალური მატჩის მომსახურება და ფინალზე არანაკლებ ძვირფასი ნახევარფინალის მსაჯობა. მოგეხსენებათ, ნახევარფინალში გამარჯვებული გუნდი A დივიზიონის საგზურს ინაღდებს. ასე რომ, ჩვენებური არბიტრის გარეშე არც ერთ პრინციპულ მატჩს არ ჩაუვლია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე 16-წლამდელთა B დივიზიონამდე ვართანოვმა ევროპის 18-წლამდელთა B დივიზიონი და როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, 16-წლამდელთა C დივიზიონი (ფინალიანად) იმსაჯა.