მიხეილ ვართანოვის წარმატებული ევროგამოცდები და ფიბას ლიცენზიის მოლოდინი

მიხეილ ვართანოვის წარმატებული ევროგამოცდები და ფიბას ლიცენზიის მოლოდინი

საქართველოს ახლო მომავალში კიდევ ერთი ფიბა-ს მსაჯი ეყოლება. ამის გარანტიას ბოსნიაში ჩატარებული ტესტებ-სემინარები და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მზაობა იძლევა – ვართანოვის სახით ჰყავდეს საერთაშორისო ლიცენზიის მსაჯი.

არბიტრ მიხეილ ვართანოვს აქვს ფიბა-ს ლიცენზია, თუმცა ჯერ მხოლოდ 3×3 კალათბურთში და შორი არაა ის დრო,  როცა მას ეს ლიცენზია კლასიკურ კალათბურთშიც ექნება. ბოსნიის დედაქალაქმა სარაევომ 5-8 აპრილს 2019 წლის ფიბა-ს პოტენციური მსაჯების კემპს უმასპინძლა, რომელშიც ის 17 არბიტრი მონაწილეობდა, რომლებიც თავიანთი ქვეყნების კალათბურთის ფედერაციებმა ფიბა-ს წარუდგინეს, როგორც საერთაშორისო ლიცენზიის მისაღბად მზად მყოფი მსაჯები. 

საქმე იმაშია, რომ ფიბა-ს ლიცენზიის მიღების სისტემა შეიცვალა და ეს არ ხდება ერთი რომელიმე კონკრეტული გამოცდის ან ტესტების ჩაბარების გზით. სამომავლოდ პოტენციური ფიბა-ს მსაჯების საგამოცდო-პრაქტიკული კემპები, როგორსაც სარაევომ უმასპინძლა, პერიოდულად ტარდება და ამის საფუძველზე ფიბა არჩევს იმ მსაჯებს, რომლებსაც სამომავლოდ ლიცენზია უნდა მიანიჭოს.

ამ კემპების პერიოდში ფიბა-ს ინსტრუქტორები მსაჯებს არაერთი სახის გამოცდას უტარებენ – იქნება ეს ტესტები კალათბურთის წესების ცოდნაში, სამსაჯო მექანიკასა თუ მოედანზე კალათბურთელებთან, მდივნების მაგიდასთან ურთიერთობაში. ვინც ამ ტესტებს წარმატებით დაძლევს, ფიბა მას მწვანე შუქს აუნთებს და თუკი ეს კონკრეტული არბიტრი ეროვნულ დონეზე, ანუ თავისი ქვეყნის ჩემპიონატებში წარმატებულ მსაჯობას განაგრძობს და ეროვნული ფედერაციისგან კვლავ ექნება ნდობა და მაღალი რეიტინგი, გარკვეული პერიოდის შემდეგ ფიბა მას საბოლოოდ, თუმცა 2 წლის ვადით მიანიჭებს საერთაშორისო ლიცენზიას. მსაჯს რომ ფიბა-ს ლიცენზია 2 წლის შემდეგაც გაუხანგრძლივდეს, მას კვლავ უნდა ჰქონდეს საკუთარ ქვეყანაში ჩატარებულ მატჩებში მაღალი რეიტინგი და რა თქმა უნდა, ფიბა-ს მიერ პერიოდულად ორგანიზებულ კემპებშიც წარმატებით უნდა მონაწილეობდეს. 

სარაევოში გამგზავრებამდე ვართანოვს როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად ავარჯიშებდნენ სამსაჯო საქმის გამოცდილი სპეციალისტები, ფიბას ერთადერთი ქართველი კომისარი მერაბ რატიშვილი და სერბი სპეციალისტი, დრაგან ნეშკოვიჩი. წლების მანძილზე წარმატებული სერბი ფიბას მსაჯი და კომისარი კალათბურთის ფედერაციის მოწვევით უკვე 6 თვეა, საქართველოში იმყოფება და ქართველი არბიტრების კვალიფიკაციის ამაღლებით, ახალი კადრების მოძიებითაა დაკავებული. 

ნეშკოვიჩის და რატიშვილის მომზადებულმა ვართანოვმა სარაევოში ყველა ტესტი თუ გამოცდა წარმატებით ჩააბარა. მან ასევე იმსაჯა ბოსნიის ასაკობრივი ჩემპიონატების ოფიციალური მატჩები და გამოცდილი ფიბა-ს ინსტრუქტორების – გეორგი პიპერკოვისა და ანდრეი ელენის დადებითი შეფასება დაიმსახურა. ერთი სიტყვით, ვართანოვმა მიიღო ფიბა-ს მანდატი და ახლა ჯერი თავად მასზეა – თუკი ის წარმატებით გააგრძელებს საქართველოს სუპერლიგასა და სხვადასხვა ჩემპიონატებში მსაჯობას და ამავდროულად მას ექნება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ფიბა-ში წარდგენილ მსაჯთა ანგარიშში მაღალი რეიტინგი, 2019 წელს ის მიიღებს ფიბა-ს ლიცენზიას.

მიხეილ ვართანოვის მიერ საქმისადმი მიდგომა და პროფესიონალიზმი იძლევა იმის მყარ იმედს, რომ იგი შიდასარბიელზე მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ და რაც მთავარია, წარმატებულ საქმიანობას და 2019 წელს ქართულ მსაჯთა კორპუსს კიდევ ერთი ფიბა-ს არბიტრი შეემატება.