მოთამაშეთა განვითარების ლიგა ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

მოთამაშეთა განვითარების ლიგა ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო მოთამაშეთა განვითარების ლიგამ, რომელშიც სუპერლიგის სახელით მოასპარეზე 11 გუნდი მონაწილეობს. ეს გახლავთ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი პროექტი, რომელიც ტრადიციული გახდება და მისი მიზანი ახალგაზრდა კალათბურთელების ხელშეწყობა და სპორტის ამ სახეობის განვითარებაა.

ლიგაში მონაწილეობის მისაღებად მოთამაშეებმა ფედერაციის ვებ-გვერდზე გაიარეს რეგისტრაცია, რომლის დასრულების შემდეგ ლიგის მონაწილე 11 გუნდის მწვრთნელებმა მთლიანობაში  165 მოთამაშე აირჩიეს.  შერჩევის პროცესი ZOOM-ის საშუალებით, ონლაინ წარიმართა (რომელიც ფედერაციის ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე LIVE-რეჟიმში გადაიცა) და  თითოეული  გუნდი 15 მოთამაშით დაკომპლექტდა.

მოთამაშეთა ლიგის გუნდები ორ ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი. თითო ჯგუფში გუნდები 1 წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც ნახევარფინალში ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი გავა. ნახევარფინალიც და ფინალიც ერთმატჩიანი იქნება. მოთამაშეთა განვითარების ლიგაში გამოვლინდება გამორჩეული მწვრთნელი,  სიმბოლური ხუთეული და საუკეთესო მოთამაშე.

მოთამაშეთა განვითარების ლიგის ძირითადი მიზანი მოთამაშეებისთვის და მწვრთნელებისთვის თავის წარმოჩენის და კლუბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობლობაა. ლიგაში მონაწილეობა მოთამაშეებისთვის წინასასეზონო მომზადების, ხოლო მწვრთნელებისთვის და კლუბების ხელმძღვანელობისთვის კალათბურთელებზე დაკვირვების და სელექციის კარგი საშუალებაა.  

ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში 10-მა გუნდმა ითამაშა. მხოლოდ “ქუთაისმა” დაისვენა. კორონავირუსის ინფექციის პრევენციის მიზნით დარბაზში მაყურებლები არ დაიშვებოდნენ. თამაშებზე დასწრება მხოლოდ მწვრთნელებისთვის და ლიგის მონაწილე გუნდების წევრებისთვის, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით იყო ნებადართული.

გაეცანით პირველ ტურში გამართული 5 მატჩის შედეგებსა და სტატისტიკურ მაჩვენებლებს:

“ა” ჯგუფი 
ტიტები – ცხუმ-აფხაზეთი 53:77
ვერა – კაკტუსი 45:66
“ბ” ჯგუფი
თსუ – მგზავრები 58:82
დინამო – რუსთავი 108:89
ოლიმპი – ბათუმი 72:57

მეორე ტურის 5 მატჩი სამშაბათს, 18 აგვისტოს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება