მფრინავი ბოლონიელის ჯგუფიდან გასვლის რეცეპტი

მფრინავი ბოლონიელის ჯგუფიდან გასვლის რეცეპტი

ბოლონიური „კანადიან სოლარის“ ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ იტალიის სერია A-ს ბოლო 5 მატჩში 72 ქულა ჩააგდო და 47–ჯერ მოხსნა ბურთი. ანუ, აღნიშნულ შეხვედრებში ის საშუალოდ 14,4 ქულასა და 9,4 მოხსნას აგროვებს. ქართველმა ფორვარდმა ბოლო ხუთ მატჩში 22–დან 18 ორქულიანი და 14–დან 8 სამიანი ჩააგდო. ამ ბრწყინვალე შედეგის გამო სერია A-ს მესვეურებმა ქართველი ფორვარდი იტალიის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის მატჩში შეიყვანეს. სანიკიძე იქ თავდაპირველი შერჩევისას ვერ მოხვდა, რადგან მიმდინარე სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმასთან ბრძოლასა და ფორმის აღდგენაში გაატარა. ახლა კი, როცა ფორმაში შევიდა, სანიკიძის გამჩერებელი სერია  A-ში არავინ ჩანს. ამიტომაც, მან დამსახურებულად მოიპოვა ადგილი ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში. აქამდე ის იყო ცნობილი, რომ ვიქტორი ოლ სტარში მხოლოდ ჩატენვების კონკურსში მოსინჯავდა ძალებს, თუმც დღეს მისი უშუალოდ მატჩში მონაწილეობაც გაცხადდა. სანიკიძეს დღეს ბოლონიაში დავუკავშირდით და ამ ამბავთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზეც გავესაუბრეთ.
 

 
– ოლ სტარში მონაწილეობას გილოცავ. ელოდი, ლიგის საუკეთესოთა მატჩში რომ მოხვდებოდი?
– არ ველოდი, რადგან სეზონის დიდი ნაწილი ფაქტობრივად გამიცდა. 1 თვე საერთოდ არ გავსულვარ მოედანზე, 2 თვე კი ფორმის აღდგენას მოვანდომე. ძალიან მესიამოვნა, ისეთი ძლიერი ლიგის ოლ სტარში რომ მოვხვდი, როგორიც სერია A არის.
– ეს ახალი ამბავია?
– კი, ახლახანს გადაწყდა. არ ვიცი, რა როგორ, მაგრამ მე ლიგის ხელმძღვანელობიდან დამიკავშირდნენ და მამცნეს, რომ მომავალ კვირას მილანში გასამართ ოლ სტარში ლეგიონერთა ნაკრებში ვითამაშებ. ყველა ვარსკვლავის შოუში მონაწილეობას აქამდეც ვგეგმავდი, ოღონდ ჩატენვების კონკურსში და ახლა ორმაგად გახარებული ვარ, რომ მილანში ოლ  სტარის სრულფასოვანი წევრის სტატუსით მივდივარ.
– როგორ ფიქრობ, რა შანსები გაქვს ჩატენვების კონკურსში? სერია A-ს ვებ–გვერდზე დაიწერა, რომ შენ ცნობილი ჯულიუს ირვინივით, სამქულიანი ხაზიდან ჩატენვა შეგიძლია…
– საკუთარ თავზე ვერ ვილაპარაკებ, რომ მაგარი ვარ. ვიცი, რომ ჩატენვების კონკურსში ძალიან სერიოზული მეტოქე მყავს ამერიკელი ჯეიმს უაიტის სახით. ეს კალათბურთელი, რომ იტყვიან, მართლაც დაფრინავს და მისი დამარცხება ძალიან რთული იქნება. ვაღიარებ, რომ მას უკეთესი შანსები აქვს.
– ახლა მოდი შენს ბოლოდროინდელ წარმატებებზე ვისაუბროთ. ისე ათამაშდი, რომ ყველა აალაპარაკე. ოლ სტარში მიწვევაც ამის ლოგიკური შედეგია. რა ხდება, როგორ ახერხებ ასე შედეგიან თამაშს?
– ფორმაში შევედი და ალბათ ამის გამო. რამე განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. ჯანმრთელობა ხელს მიწყობს და მეც ჩემს შესაძლებლობებს ვავლენ.
–  რაც მოედანს დაუბრუნდი, კარგა ხანი გავიდა. აქამდე ასე კარგად ვერ თამაშობდი…
– ტრავმის მორჩენა არაფერს არ ნიშნავს, თუკი ფორმაში არ ხარ. მე ისეთი ტრავმა გადავიტანე, რომ ბოლომდე ვერ დავიტვირთავდი თავს. თავიდან ფეხის მყესი გავიწყვიტე და 1 თვე არ მითამაშია, მერე კი, მოედანზე დავბრუნდი თუ არა, იდაყვი დავიზიანე და კვლავ გამიცდა რამდენიმე თამაში. ყველაფერმა ამან, დაღი დაასვა ჩემს სპორტულ ფორმას. როცა ტრავმა მოვირჩინე და მოედანზე დავბრუნდი, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ ვიტვირთებოდი. საქმე დატვირთვაშიც არ იყო: შეიძლება, თავს ძალა ბოლომდე დაატანო, მაგრამ ვერაფერს გახდე, თუკი ფორმაში არ ხარ. ტრავმა აღარ მაწუხებდა, მაგრამ მაინც შეზღუდული ვიყავი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ფორმაში შევედი და შედეგიც სახეზეა.
– ბოლო მატჩში, „მონტეგრანაროსთან“, მწვრთნელმა მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდ ხანს, 33 წუთს გათამაშა. ალბათ იმის გამო, რომ ასე შედეგიანი ხარ…
– მთლად მაგის გამოც არა. ბოლო ორ მატჩში ჯამში 63 წუთი ვითამაშე და ეს იმის გამოა, რომ ერთ–ერთი ფორვარდი გვაკლდა. „კანადიან სოლარი“ ძალიან დაბალანსებული გუნდია. ყველა პოზიციაზე 2–2 საკმაოდ კონკურენტუნარიანი მოთამაშე ჰყავს და სათამაშო დროც მეტ–ნაკლებად ყველაზე თანაბრად ნაწილდება. ვინმე რომ გვაკლია, ეს უმალ ისახება იმ პოზიციაზე მოთამაშე მეორე კალათბურთელზე.
–  ასეთი წარმატებული თამაშის შემდეგ მწვრთნელი, ლინო ლარდო რას გეუბნება?
– ლარდო მეტად გაწონასწორებული სპეციალისტია. ის ცდილობს, წარმატებებზე არ ილაპარაკოს. მას არ უყვარს ტრაბახი და თავისთავად, იმასაც ცდილობს, ზედმეტად არავინ შეაქოს. ის თვლის, რომ კალათბურთელის მოვალეობა მოედანზე მაქსიმალურად დახარჯვაა და თუკი ამას ვინმე აკეთებს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა მისთვის.
– გასულ კვირაში იტალიური ვებ-გვერდები და პრესა შენი გვარით იყო აჭრელებული. ბევრი ჟურნალისტი გაწუხებს?
– არა, მხოლოდ ორმა ჟურნალისტმა დამირეკა და ინტერვიუ ჩამომართვა. რა თქმა უნდა, უწინდელზე მეტ ყურადღებას ვგრძნობ, თუმცა არც ისეა საქმე, რომ ჟურნალისტებისგან ვწუხდებოდე.
– იტალიაში მოთამაშე ქართველებს მოედნის გარეთ თუ ხვდები?
– რა თქმა უნდა. მერაბ ბოქოლიშვილს აქამდე არ ვიცნობდი და ის „აველინოსთან“ მატჩში ვნახე. მანუჩარ მარკოიშვილი ჩემი უახლოესი მეგობარია და ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, თუმცა სერია B-ში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრ ნიკა მეტრეველს უფრო სისტემატიურად ვნახულობ. ამის მიზეზი ისაა, რომ ის ჩემს ქალაქთან ახლოს ცხოვრობს. მანქანით 1 საათის სავალია. რამდენიმე დღის წინაც მეტრეველთან ვიყავი. მისი დედაა ჩამოსული და ვესტუმრე.
– და ალბათ ქართული კერძებიც მიირთვი…
– რა თქა უნდა. თუმცა, ვაღიარებ, რომ იტალიური სამზარეულოც ძალიან კარგია. სანამ აქ ჩამოვიდოდი, სხვა ქვეყნებში თამაშისას სულ მენატრებოდა ხინკალი, ქაბაბი და სხვა ჩვენებული კერძები. იტალიაში კი ქართული სამზარეულო არ მენატრება, რადგან აქაც ძალიან გემრიელია ყველაფერი.
– იტალიურ კერძებს ალბათ რესტორანში აგემოვნებ…
– რესტორნებში ადრე დავდიოდი, ახლა კი – ნაკლებად.
– მაშ თავად ამზადებ კერძებს, თუ ცოლი შეირთე?
– თავად ვამზადებ. თავს დიდ მზარეულად ვერ დავდებ, თუმცა რაღაც-რაღაცეები კი გამომდის. ცოლი ჯერ არ მომიყვანია. საქართველოს ნაკრებში 1-2 ბიჭი დამრჩა დასაქორწინებელი და მათ რომ კარგ ბედში ჩავაყენებ, მერე ჩემს თავზეც ვიფიქრებ. ჯერ-ჯერობით დაოჯახებაზე არ ვფიქრობ.
– მეტრეველის ქალაქამდე მანქანით1 საათის სავალიაო  და რა მარკის ავტომობილი გყავს?
– ჩვენი გუნდის სპონსორი „ჰიუნდაია“ და გუნდის ყველა წევრიც ამ მარკის ავტომობილით დადის. ვერ ვიტყვი, ესაა ჩემი საოცნებო მანქანა მეთქი, მაგრამ აქ სამოძრაოდ მეტი არც მჭირდება.
– როგორც ჩანს, იტალიას კარგად შეეგუე. ალბათ გაგიჭირდება, თუკი სხვა ქვეყნის გუნდში მოგიწია კარიერის გაგრძელება…
– იტალიაში მართლაც კარგად ვგრძნობ თავს. რაც შეეხება კარიერის გაგრძელებას, გადაჭრით ვერ ვიტყვი, მინდა თუ არა ბოლონიიდან წასვლა. ის კი ვიცი, რომ სხვა იტალიურ გუნდში არ გადავალ. ამის მიზეზი ის ატმოსფეროა, რომელიც ბოლონიაში სუფევს. იტალიის ყველა ქალაქში კალათბურთს ფეხბურთი ჯაბნის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლონიას უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში გუნდი ჰყავს, ამ ქალაქში ნომერი პირველი სპორტი კალათბურთია. დარბაზი სულ სავსეა, ბოლონია კალათბურთით ცხოვრობს. კი, ძალიან კარგი ქალაქია მილანი, მაგრამ იქ ხალხი ფეხბურთითაა მოწამლული – ან „ინტერის“ ქომაგები არიან, ან „მილანის“. კალათბურთი იქ არ აინტერესებთ.
– იტალიაში კარგი, მაგრამ სხვა, უცხოური ვარიანტი რომ გამოგიჩნდეს, კონტრაქტი ბოლონიიდან წასვლის საშუალებას მოგცემს?
– ჩემი კონტრაქტი 2–ს პლუს 1–წლიანია. 1 სეზონი უკვე ვითამაშე, რის შემდეგაც, ძალიანაც რომ მდომოდა, კლუბის შეუთანხმებლად ვერსად წავიდოდი. ამ სეზონის ბოლოს კი შესაძლებელია სხვაგან გადასვლა. კონტრაქტის თანახმად, თუკი მე მოვისურვე წასვლა, „კანადიან სოლარს“ გარკვეული კომპენსაცია უნდა გადავუხადო (მე ან ჩემმა მომავალმა კლუბმა). ხოლო თუ თავად გუნდს არ ვენდომები, ხელმძღვანელობა გადამიხდის კომპენსაციას. ასე რომ, თუკი რამე ვარიანტი გამომიჩნდა, შემეძლება გადასვლა, მაგრამ ამაზე ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ. ჩემი მიზანი ამ სათამაშო ფორმის შენარჩუნება და სეზონის სტაბილურად ჩამთავრებაა. თუ ეს მოვახერხე, სავარაუდოდ, დაინტერესებაც იქნება.
– 2004 წელს დრაფტზე „სან ანტონიომ“ აგირჩია. ვიცი, რომ შენი ოცნებაც ნბა–ში თამაშია…
– ალბათ იმიტომ ვერ მოვახერხე სანანტონიოელების დაინტერესება, რომ ათასი პრობლემა გამოვიარე. ყველაფერი ამერიკაშივე დაიწყო, სადაც საზაფხულო ლიგაზე სათამაშოდ ვიყავი და მუხლი საოპერაციო გამიხდა. წლიდან წლამდე ხან რა მაწუხებდა ხან – რა. ახლა ძალიან კარგ ფორმაში ვარ და თუკი სეზონს ასეთივე წამატებით ჩავამთავრებ, ალბათ ოკეანის გაღმაც დაინტერესდებიან ჩემით. თუმცა ვიმეორებ: ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. დიდი სიამოვნებით გადავალ ევროლიგის რომელიმე გუნდში, სადაც გაცილებით მეტი მატჩის გამართვა მომიწევს, ვიდრე „კანადიან სოლარში“. ჩემი გუნდი არც ერთ ევროთასზე არ მონაწილეობდა და ეს ძალიან ცუდია. კვირაში მხოლოდ 1 თამაში გვაქვს. ევროტურნირებში მონაწილეობა იმითაა კარგი, რომ ბევრი მატჩის გამართვა გიწევს და თუკი ერთხელ არ წაგივა თამაში, მეორეში გამოგივა, მესამეში… ახლა კი მხოლოდ ერთ ტურნირში ვმონაწილეობთ და გაქანებაც ნაკლებია.
– თავად კლუბის ხელმძღვანელთა პოზიცია თუ იცი შენთან მიმართებაში?
– პირადად არავისთან მისაუბრია. გაზეთებში კი ხან სტატიებში, ხანაც ინტერვიუებში იწერება, რომ „კანადიან სოლარის“ ხელმძღვანელობა სანიკიძეს ვერ შეელევაო. მისი გუნდში დარჩენა 99 პროცენტით გადაწყვეტილიაო. ერთი სიტყვით, ვნახოთ, რა იქნება.
– იტალიის თემა ამოვწურეთ. ახლა ჩვენს ეროვნულ ნაკრებზე გადავინაცვლოთ. ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრაზე რას იტყვი?
– როგორც ყველა, მეც კმაყოფილი ვარ. კენჭისყრამდე რომ შევადგინე ჩვენთვის საუკეთესო ჯგუფის ვარიანტი, სინამდვილეშიც იგივე გამოვიდა. სასურველი ჯგუფი შეგვხვდა და თუკი რამის დამტკიცება გვინდა, ახლა უნდა დავამტკიცოთ. ვერავინ იტყვის, ძლიერი მეტოქეები შეგვხვდაო. თანაც, ძალიან უნიკალური სიტუაცია შეიქმნა. ჯგუფის ყველა წევრი კენჭისყრით კმაყოფილია. მე ველაპარაკე იტალიაში მოთამაშე ბელგიის, ბულგარეთის ნაკრების წევრებს, რომლებიც ზუსტად ჩემსავით ფიქრობენ. ქვედა 4 გუნდს უხარია, რომ ფავორიტებიდან სლოვენია და რუსეთი შეხვდა. სავარაუდოდ, თავად ფავორიტებიც არ უნდა იყვნენ უკმაყოფილონი.
– ჯგუფიდან გასვლა რამდენად რეალურია?
– შარშან ბულგარეთს ორივე მატჩი მოვუგეთ, ბელგიასთან კი ორივე წავაგეთ. თუმცა ხომ ვიცით, რომ ბელგიის დამარცხება შეგვიძლია. შესაბამისად, ჯგუფიდან გასვლაც რეალურია. ასევე ფიქრობს ჩვენი ნებისმიერი მოწინააღმდეგე და მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ მიზანს, თუკი აგვისტო-სექტემბერში ჯანმრთელად და კარგ ფორმაში ვიქნებით.
 

სანიკიძემ გასულ შესარჩევზე პორტუგალიას ისეთი ჩაუტენა…
 
– რუსეთთან დაპირისპირებაზე რას იტყვი?
– კენჭისყრის ერთადერთი უარყოფითი მხარე ჩვენთვის ალბათ რუსეთის მომენტია. მერჩივნა, ეს ნაკრები არ შეგვხვედროდა.
– რატომ?
– არა იმიტომ, რომ რუსეთზე სუსტი მეტოქე მინდოდა. მეორე კალათაში მასზე სუსტი გუნდი მგონი არც იყო. უბრალოდ, გულშემატკივართა უმრავლესობა უმთავრესად რუსეთთან მატჩს მიიჩნევს. ხალხში ასეთი განწყობაა: ოღონდ რუსეთს მოვუგოთ და თუგინ ყველასთან წაგვიგიაო. ასეთ დამოკიდებულებას არ ვეთანხმები. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა, რომ ჯგუფიდან ისე გავიდეთ, რომ სხვებთან ერთად რუსეთსაც მოვუგოთ, მაგრამ თუკი მეორე ეტაპზე რუსების დაუმარცხებლად გავაღწევთ, ამაზე ნამდვილად არ ვიდარდებ.
– ნაკრებს შენს პოზიციაზე ვლადიმერ ბოისას სახით სერიოზული ძალა შეემატა…
– ვოვას გამოჯანმრთელება ნაკრებს ძალიან წაადგება. მისი გამოცდილება ევროპის ჩემპიონატზე დიდ დახმარებას გაგვიწევს. იმედია, ის ბოლომდე აღიდგენს ფორმას. მე როგორც მძიმე, ისე მსუბუქ ფორვარდად შემიძლია თამაში. ბოლოს ნაკრებში უფრო მსუბუქი ფორვარდი ვიყავო. ოთხ ნომერზე კი ნიკა ცქიტიშვილი, თორნიკე შენგელია იყვნენ. ამათ ბოისაც რომ დაემატება, მართლაც  ძლიერი წინა ხაზი გვეყოლება.
– ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად რამდენი საკონტროლო მატჩის გამართვა იკმარებს?
– თუ არ ვცდები, შარშან 5 მატჩი გავმართეთ. ალბათ ახლა უფრო მეტი იქნება საჭირო და სავარაუდოდ, მოხერხდება კიდეც. შარშან სხვა სიტუაცია იყო: A დივიზიონის გუნდებმა ადრიანად დაიწყეს მომზადება, როცა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი ნაკრებები არც იყვნენ შეკრებილები. ახლა კი ყველა ნაკრები ერთ კონკრეტულ ტურნირზეა ორიენტირებული, ივლის-აგვისტოში ყველა შეკრებილი იქნება და მათთან მოლაპარაკებაც შესაძლებელია.