საკალათბურთო წესებში სისტემატურად მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების მწვრთნელებისთვის გაცნობის მიზნით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ზაზა ფაჩულიას აკადემიაში სემინარი ჩატარდა. საქართველოს ყველაზე მსხვილ საკალათბურთო აკადემიას სემინარის ჩასატარებლად ფიბა-ს არბიტრი, მიხეილ ვართანოვი ესტუმრა, რომელმაც მწვრთნელებს თანამედროვე კალათბურთის წესებში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.
ზაზას აკადემიის მწვრთნელებს მსაჯთა კავშირის მიერ ქართულად ნათარგმნი საკალათბურთო წესების ბოლო რედაქციით გამოსული წიგნი გადაეცათ. მიხეილ ვართანოვმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სპეციფიკურ დეტალებზე, რომელიც კალათბურთის მატჩებს თან ახლავს და რომელთა გათვალისწინება, მით უმეტეს ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის მიზანშეწონილია.
შეხვედრა ასევე ახალი მსაჯების მოძიებასაც ისახავდა მიზნად. ზაზას აკადემიაში საკმაოდ ბევრი მწვრთნელია, რომელთაც როგორც სათამაშო, ისე სამსაჯო გამოცდილება აქვთ და ამ რესურსის გამოყენება ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ასაკობრივ ჩემპიონატებში ახალი პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ანალოგიური მიზნით სემინარი სხვა საკალათბურთო სკოლებისთვისაც ჩატარდება. უახლოეს მომავალში დაიგეგმება ერთობლივი შეხვედრა სხვადასხვა საკალათბურთო სკოლასთან, სადაც საქართველოს მსაჯთა კავშირის წარმომადგენლები მწვრთნელებს კალათბურთში მიმდინარე სიახლეებსა და წესების ცვლილებებს გააცნობენ.