მსოპლიო კალათბურთის მმართველი ორგანო FIBA მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ მის მონაწილე ნაკრებების წარდგენას აწარმოებს. რიგი გუნდების შემდეგ საქართველოს ჯერიც დადგა და რა თქმა უნდა, საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ FIBA-ს ექსპერტები ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩვენს ნაკრებზე…
“საქართველოს მსოფლიოს პირველობაზე დებიუტი ექნება და ეცდება, დაამტკიცოს, რომ მისი ადგილი სწორედ დიდ სცენაზეა. გუნდის ლიდერები თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი იქნებიან, რომელთაც ევროპული ზონის კვალიფიკაციაში შედეგიანი მატჩები ჰქონდათ. შენგელია საშუალოდ 19.5 ქულასა და 7.6 მოხსნას აგროვებდა, შერმადინი კი – 16.3 ქულას.
ამ ორ ვარსკვლავს ემატებიან ახალგაზრების ტანდემი გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის შემადგენლობით, გამოცდილი მცველები დუდა სანაძე და თად მაკფადენი და 22 წლის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი.
რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მათთან ერთად? 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტანტებმა – მონტენეგრომა და ჩეხეთმა, შესაბამისად, 25-ე და მე-6 ადგილები დაიკავეს. ჩეხეთმა მხოლოდ მეოთხედფინალში წააგო ავსტრალიასთან. რას მოახერხებს დებიუტანტის რანგში საქართველო, რთული სათქმელია.
ცხადია, მთელი რიგი ქართველი კალათბურთელების მაღალი კლასი ეჭვს არ იწვევს, თუმცა, გამოცდილების ნაკლებობა და არცთუ ღრმა სათადარიგოთა სკამი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. სხვათა შორის, მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასევე პირველად ითამაშებენ ლატვია, სამხრეთ სუდანი და კაბო-ვერდე, ასე რომ, ამ მხრივ საქართველო მარტო არ იქნება.
ცხადია, რომ ნაკრების ლიდერებს მოედანზე ძალიან დიდი ხნით ყოფნა მოუწევთ. საუბარია ისევ და ისევ შენგელიაზე, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია და ესპანური ლიგა ენდესას MVP-ს ტიტულის მფლობელ შერმადინზე. სხვებმაც, მათ შორის, ბითაძემ, მამუკელაშვილმა, მაკფადენმა და სანაძემ საკუთარი როლი მაქსიმალურად კარგად უნდა შეასრულონ. ცხადია, ბევრი რამ თადის შორეულ ტყორცნებზეც იქნება დამოკიდებული.
საინტერესოა, რომ ევრობასკეტი 2022-ზე საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი მამუკელაშვილს ჰქონდა. ის საშუალოდ 15.2 ქულასა და 11.0 მოხსნას აგროვებდა. ყველაზე მაღალი ეფექურობის კოეფიციენტი ბითაძეს (13.8) აღმოაჩნდა 10.0 ქულითა და 6.8 მოხსნით. მაკფადენმა შესარჩევ ციკლში 12-ვე მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 18.8 ქულა, 3.6 მოხსნა, 4.3 პასი და 1.3 ჩაჭრა ჰქონდა. საერთო ჯამში, ეს მნიშვნელოვანი ბირთვია, რომელზე დაყრდნობაც შეიძლება.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრების მთავარი სუსტი წერტილია სათადარიგო მოთამაშეებია. გასულ ევრობასკეტზე, რომელზეც შენგელიამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ლიდერებზე დიდი დატვირთვა მოვიდა. მაგალითად, მამუკელაშვილი და მაკფადენი საშუალოდ 35 წუთამდე თამაშობდნენ.
აღნიშნული, შესაძლოა, მართლაც იქცეს პრობლემად ისეთ ტურნირზე, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატია. ეს ხომ მომქანცველი შეჯიბრია, რომელიც როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური მზადყოფნის მხრივ დიდ ამტანობას ითხოვს.
ამის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ საქართველო ჯგუფში ვენესუელასთანა და კაბო-ვერდესთან ერთად მოხვდა, მაინც ტოვებს შანსს, რომ ტურნირზე ძლიერი სტარტი იქნას აღებული. ოღონდ, კვლავაც დავძენთ, რომ საქართველოს ნაკრების წარმატებაში საკუთარი წვლილი სათადარიგო კალათბურთელებმაც უნდა შეიტანონ”.
საქართველოს ნაკრები ბოლო 10 მთავარ საკალათბურთო ფორუმზე
2011 ევრობასკეტი – მე-11 ადგილი
2012 ოლიმპიადა – არ უთამაშია
2013 ევრობასკეტი – მე-17
2014 მსოფლიოს ჩემპიონატი – არ უთამაშია
2015 ევრობასკეტი – მე-15
2016 ოლიმპიადა – არ უთამაშია
2017 ევრობასკეტი – მე-17
2019 მსოფლიოს ჩემპიონატი – არ უთამაშია
2021 ოლიმპიადა – არ უთამაშია
2022 ევრობასკეტი – 21-ე