მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდისთვის რეგისტრაცია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ–გვერდზე დღეიდან დაიწყება და 25 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
მწვრთნელებმა, ვისაც მომავალ სალიცენზიო გამოცდაში მონაწილეობა სურთ, საჭირო დოკუმენტაცია და პირადი მონაცემები ფედერაციის ვებ-გვერდზე მითითებულ სარეგისტრაციო გვერდზე უნდა ატვირთონ. აქვე შეგახსენებთ, რომ B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდაზე გასვლა მხოლოდ C ლიცენზიის მფლობელ მწვრთნელებს შეუძლიათ.
მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა კალათბურთის მწვრთნელთა კავშირისა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით უკვე მე-7 წელია, წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამა 3 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მწვრთნელები C კატეგორიის ლიცენზიას იღებენ, რომელიც 14 წლამდე ბავშვებთან მუშაობისთვისაა საჭირო. რაც შეეხება B კატეგორიას, აღნიშნული ლიცენზიის მფლობელებს შეუძლიათ 14-20 წლამდე მოზარდებთან მუშაობა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გუნდების გამოყვანა.
დღემდე C კატეგორიის ლიცენზია უკვე 400-ამდე მწვრთნელმა აიღო, ხოლო B კატეგორიის მფლობელთა რიცხვი დაახლოებით 40-ს შეადგენს. გამოცდის თარიღი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდაზე რეგისტრაციის ბმული: რეგისტრაცია