საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მწვრთნელთა ლიცენზირების პირველი ეტაპის მორიგ გამოცდებს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

მწვრთნელთა ლიცენზირების პირველი ეტაპის მორიგ გამოცდებს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

დღეს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პირველი ეტაპის გამოცდებს უმასპინძლა. აღნიშნულ პროგრამას კალათბურთის ფედერაცია მწვრთნელთა კავშირთან ერთად ატარებს, რომელიც  2 წლის წინ დაიწყო და ამ მომენტისთვის გეგმით გათვალისწინებული მე-2 ეტაპი მიმდინარეობს, თუმცა პარალელურად წინა ეტაპის გამოცდებიც ტარდება იმ მწვრთნელებისთვის, რომლებმაც ტესტირება ვერ გაიარა, ან აღნიშნული პროფესიის დაუფლება პროგრამის დაწყების შემდეგ გადაწყვიტა.

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პირველი ეტაპი განკუთვნილია მცირე ასაკიდან 14 წლამდე ბავშვებთან მომუშავე მწვრთნელებისთვის. აღნიშნული ეტაპი დღმდე 280-ამდე მწვრთნელმა გაიარა, საიდანაც ლიცენზია 229-ამ მიიღო. დღევანდელ, დამატებით გამოცდაში 19 მწვრთნელი მონაწილეობდა. მათ ჯერ თეორიული სამწვრთნელო საკითხები ტესტირებით ჩააბარეს, შემდეგ კი პრაქტიკული გამოცდა ჩატარდა. მწვრთნელები იღებდნენ ბილეთებს და იმის მიხედვით, რომელი სავარჯიშო კომპონენტი შეხვდებოდათ, გამომცდელებს შესაბამის ვარჯიშებს უჩვენებდნენ.

საგამოცდო კომისიას ვეტერანი კალათბურთელი და პედაგოგი – ანტონ კაზანჯიანი და სხვადასხვა დროს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელი, კლუბ “აკადემიის” წამყვანი სპეციალისტი – გელა წულაძე ხელმძღვანელობდნენ. პრაქტიკული და თეორიული გამოცდების შედეგებს საგამოცდო კომისია დაითვლის, რის შემდეგაც ლიცენზირებულ მწვრთნელთა რაოდენობა გაიზრდება.