მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპი ქუთაისიდან დაიწყო

მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპი ქუთაისიდან დაიწყო

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების მეორე ეტაპი დღეს ქუთაისში დაიწყო. მეორე ეტაპის სემინარები გასულ წელს საქართველოს რამდენიმე ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა, რომლებსაც მწვრთნელები დაესწრნენ და ამის საფუძველზე დღეს გამოცდებში მიიღეს მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ და მწვრთნელთა კავშირმა 2015 წელს დაიწყეს და პირველი ეტაპის ფარგლებში 200-ზე მეტ მწვრთნელს მისცეს C კატეგორიის ლიცენზია, რომელიც 14 წლამდე ბავშვებთან მუშაობისთვისაა საჭირო. რაც შეეხება მეორე ეტაპს, მისი გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მწვრთნელებს B კატეგორიის ლიცენზია მიენიჭებათ და 14-18 წლიან მოზარდებში მუშაობა და ამ ასაკებში საქართველოს ჩემპიონატებში გუნდების გამოყვანა შეეძლებათ.

ქუთაისში გამართულ გამოცდებში 30 მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ბირთვს ქუთაისელები შეადგენდნენ. იყვნენ მწვრთნელები სამტრედიიდან, საჩხერიდან, ჭიათურიდან, გურიის რამდენიმე ქალაქიდან. გამოცდაში მონაწილეებს დაურიგდათ 17 საკითხისგან შემდგარი დიაგრამები, რომლებიც იმ ძირითადი საკალათბურთო კომპონენტებისგან, კომბინაციებისგან და სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდებისგან შედგებოდა, რომლებიც 14-18 წლის მოზარდებში მუშაობისთვისაა აუცილებელი. 

გამოცდების მონაწილეთა პასუხებს რამდენიმე სპეციალისტისგან შემდგარი კომპეტენტური კომისია განიხილავს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს. 17-დან 13 დადებითი პასუხი იქნება ის ბარიერი, რომლის დაძლევის შემთხვევაშიც მწვრთნელები მიიღბენ B კატეგორიის ლიცენზიას.

ანალოგიური გამოცდები დღეს ბათუმში, აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში მომუშავე მწვრთნელებისთვის ჩატარდება. სექტემბრის დასაწყისში კი მეორე ეტაპი სტარტს თბილისშიც აიღებს.