მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპის გამოცდებს ბათუმმაც უმასპინძლა

მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპის გამოცდებს ბათუმმაც უმასპინძლა

ქუთაისის შემდეგ, მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპის გამოცდები ბათუმში ჩატარდა. B კატეგორიის ლიცენზიის მიღების მსურველი მწვრთნელები ბათუმის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში შეიკრიბნენ, სადაც ინფორმატიკის კაბინეტში ტესტირება გაიმართა. გამოცდაში მონაწილეებს დაურიგდათ 17 საკითხისგან შემდგარი დიაგრამები, რომლებიც იმ ძირითადი საკალათბურთო კომპონენტებისგან, კომბინაციებისგან და სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდებისგან შედგებოდა, რომლებიც 14-18 წლის მოზარდებში მუშაობისთვისაა აუცილებელი. 

გამოცდას ბევრი მწვრთნელი არ დასწრებია. ბათუმის სკოლაში თავი მოიყარა 8 აჭარელმა და ერთმაც ფოთელმა მწვრთნელმა. გამოცდების მონაწილეთა პასუხებს რამდენიმე სპეციალისტისგან შემდგარი კომპეტენტური კომისია განიხილავს და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს. 17-დან 13 დადებითი პასუხი იქნება ის ბარიერი, რომლის დაძლევის შემთხვევაშიც მწვრთნელები მიიღბენ B კატეგორიის ლიცენზიას.

შეგახსენებთ, რომ მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ და მწვრთნელთა კავშირმა 2015 წელს დაიწყეს და პირველი ეტაპის ფარგლებში 200-ზე მეტ მწვრთნელს მისცეს C კატეგორიის ლიცენზია, რომელიც 14 წლამდე ბავშვებთან მუშაობისთვისაა საჭირო. რაც შეეხება მეორე ეტაპს, მისი გამოცდების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მწვრთნელებს B კატეგორიის ლიცენზია მიენიჭებათ და 14-18 წლიან მოზარდებში მუშაობა და ამ ასაკებში საქართველოს ჩემპიონატებში გუნდების გამოყვანა შეეძლებათ.

მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის მეორე ეტაპის გამოცდები აღმოსავლეთ საქართველოში მომუშავე მწვრთნელებისთვის სექტემბრის დასაწყისში, თბილისში გაიმართება.