2008 წელს საქართველოს ნაკრები სერბმა სპეციალისტმა იგორ კოკოშკოვმა ჩაიბარა. თუ მანამდე მწვრთნელები მხოლოდ 6-7 კალათბურთელს ენდობოდნენ, კოკოშკოვმა დატვირთვა 9-10 კალათბურთელზე გადაანაწილა. ეს თვალსაჩინო 2009-2011 წლებში იყო, როცა გუნდში ერთმანეთს ორი ხუთეული ენაცვლებოდა.
2010-ში სულაც მანუჩარ მარკოიშვილი შედიოდა სათადარიგოებთან ერთად და მათი შესრულებით არაერთი სპურტი გვინახავს. იცით, ვინ იყვნენ შემცვლელები? – ლაშა გამყრელიძე, მანუ მარკოიშვილი, ნიკა ცქიტიშვილი, გიორგი შერმადინი… მშვენივრად მოქმედებდა გამყრელიძე-შერმადინის დუეტი…
კალათბურთის ფედერაციის პროექტ “გზა ევრობასკეტ2021-ისკენ“ ამ გამოშვებაში სწორედ შერმადინსა და გამყრელიძეზე მოგახსენებთ. ასევე წარმოგიდგენთ ევრობასკეტების მონაწილეებს ლაშა ფარღალავას და ნიკა მეტრეველს, წლების განმავლობაში სუპერლიგის გამორჩეულ ცენტრ რიჩარდ მათიაშვილს.
გიორგი შერმადინი
– ეროვნულ გუნდში თამაში ყოველთვის მიხარია. სადამდეც შემეძლება და ნაკრებს დავჭირდები, მზად ვარ, ვითამაშო. განსაკუთრებით ახლა – ევრობასკეტის ერთი ჯგუფი ხომ ჩვენს ქვეყანაში, თბილისში გაიმართება. ეს ნებისმიერი კალათბურთელისთვის საოცარი ამბავია: ჯგუფში მოთამაშე ხუთი გუნდიდან ერთი განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობს – მასპინძელია… და ეს საქართველოა! სასიამოვნო განცდაა – მთელი ქვეყანა, მხარში გიდგას, ახლობელ-მეგობრები ტრიბუნებიდან გგულშემატკივრობენ. ეს უდიდესი ნაბიჯი იქნება ქვეყნის პოპულარიზაციისთვის და მომავალი თაობებისთვის, – თქვა “ლელოსთან” ინტერვიუში გიორგი შერმადინმა, რომელიც ჩვენს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზეც დაეხმარება და ევრობასკეტისთვისაც ემზადება.
2020 იქნება მე-15 წელი მის სანაკრებო კარიერაში. აქ მხოლოდ სამ მატჩს გავიხსენებთ, თუმცა უამრავი დასამახსოვრებელი შეხვედრა აქვს ჩატარებული.
პირველი – 2006 წლის 3 სექტემბერი, საქართველო-ლუქსემბურგი 86:44. ეს თამაში ყველას ფაჩულიასა და ჯონსის ჩხუბით დაამახსოვრდა. გიორგი შერმადინისთვის კი სხვა მხრივ იყო მნიშვნელოვანი – ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი შედგა.
მეორე მატჩი – ევრობასკეტი 2013, საქართველო-პოლონეთი 84:67. სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია გამოგვაკლდნენ. პირველივე მატჩში შერმადინმა პოლონელი ვარსკვლავი მარცინ გორტატი გააჩერა, ქართველებმა დამაჯერებლად მოიგეს და ნამატჩევს იგორ კოკოშკოვმა თქვა – გიორგი შერმადინი ევროპის საუკეთესო ცენტრიაო.
მესამე დასამახსოვრებელი – 2019 წლის 3 დეკემბერი, საქართველო-ისრაელი 71:69. მატჩის ბოლოს იყო წამი, რომელზეც ბევრი კალათბურთელი ოცნებობს – დამატებითი დროის დასასრულს გიორგი შერმადინმა პიკ-ენდ-როლი გაითამაშა თად მაკფადენთან, ბურთი ფარქვეშ მიიღო და ფარიდან ასხლეტით ჩააგდო – 71:69. “ჩააგდო” – დასაწერად იოლია, შესასრულებლად ძალიან რთული იყო, გასახსენებლად კი საოცარი – იმ წამმა ხომ სპორტის სასახლეში შეკრებილი გულშემატკივარი უზომოდ გაახარა.
– საოცარი შეგრძნება იყო, – იხსენებს შერმადინი, – ეს უკვე მოგებას ნიშნავდა, კიდევ უფრო სასიამოვნო იყო, რომ ქართველ გულშემატკივარს სიხარული მივანიჭე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფრენა შემეძლო.
ლაშა გამყრელიძე
ლაშა გამყრელიძე წლების განმავლობაში ნაკრების უცვლელი წევრი იყო. პირველი მატჩი 2004 წელს გამართა, ბოლო – 2017-ში.
2011 წლის ევრობასკეტზე გიორგი ცინცაძის ტრავმის შემდეგ სასტარტო გამთამაშებლად იქცა, საბერძნეთთან მშვენივრადაც ითამაშა, თუმცა მომდევნო წელს იგი იგორ კოკოშკოვმა გაფართოებულ შემადგენლობაშიც არ შეიყვანა. გავიდა რამდენიმე წელი, ნაკრებში ილიას ზუროსი დაინიშნა და ლაშა კვლავ გამოჩნდა ეროვნულში. მის აქტივში საბოლოოდ ორი ევრობასკეტი ჩაიწერა – 2011 და 2017.
გამყრელიძეს ყველაზე უკეთ 11-წუთიანი სადებიუტო მატჩი დაამახსოვრდა:
– B დივიზიონის შეხვედრისთვის ფინეთთან და მაკედონიასთან თამაშების შემდეგ ლუქსემბურგში ჩავედით. მატჩი ქულა-ქულაში მიდიოდა, მეოთხე პერიოდის წინ ჩვენი გუნდი მხოლოდ 9 ქულით იგებდა. მწვრთნელმა დრაჟენ ბრაიკოვიჩმა თამაშში 13 წუთით ადრე ჩამრთო. ცინცაძეს და მარკოიშვილს 4-4 პერსონალური ჰქონდათ მიღებული. მეც თამამად შევედი მოედანზე. მეოთხე პერიოდში 23:6 მოვიგეთ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა შეხვედრებში მეტიც მითამაშია, ქულაც ბევრი მქონია, სადებიუტო შეხვედრა დღესაც ყველაზე მკაფიოდ მახსენდება.
ნიკა მეტრეველი
ნიკა მეტრეველი 211 სმ სიმაღლის წინახაზელია. ნაკრებში სერიოზული კონკურენციის პირობებში უწევდა თამაში და ვარჯიში. წინა ხაზში ხომ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ფაჩულია, შერმადინი, ცქიტიშვილი, ბოისა, შენგელია… ამის მიუხედავად მას ეროვნულში 12 ოფიციალური მატჩი მოუგროვდა და საინტერესო გასახსენებელიც:
– თბილისიდან თურქეთის გავლით ავსტრიისკენ მივემგზავრებოდით. “ათათურქის” აეროპორტში ვენის რეისს ველოდებოდით. გუნდის 7 მოთამაშე, რომლებიც დანარჩენი თანაგუნდელებისგან მოშორებით ვიყავით, საუბარში ისე გავერთეთ, რომ რეისზე გამოცხადებული ჩასხდომა გამოგვეპარა და ავსტრიაში მხოლოდ ნახევარი გუნდი გაფრინდა! საბედნიეროდ, თურქებმა პრაქტიკულად გაუქმებული ბილეთები მომდევნო რეისზე უსასყიდლოდ გადაგვიცვალეს. ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ დამნაშავედ მე გამომაცხადეს, რაკიღა გუნდში დაგვიანებებით ვიყავი ცნობილი…
ლაშა ფარღალავა
ლაშა ფარღალავა მაგალითია იმისა, თავდაუზოგავი შრომით როგორ შეიძლება ნაკრებში მოხვედრა. მან ამერიკის კოლეჯებში ბევრი იმუშავა და საქართველოში საკმარისად მოღონიერებული ჩამოვიდა. 2011 წელს იგორ კოკოშკოვმა იგი ევრობასკეტის 12-კაციან განაცხადში შეიყვანა და პირველივე მატჩში ერთ-ერთი ჰაილაითის შეოქმედიც გახდა.
ფარღალავას ამ ევროპის ჩემპიონატიდან ერთი არასასიამოვნო გასახსენებელიც აქვს:
– ლიეტუვაში გამართულ ევრობასკეტზე, სადაც საქართველოს ნაკრები თავის ისტორიაში პირველად მონაწილეობდა, მღელვარებისგან პირველივე შეხვედრის წინ სასტუმროში სპორტული ფორმა დამრჩა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ხსენებული ლაფსუსი დისციპლინის დარღვევად მიიჩნია… მომდევნო წელს ნაკრებს მიღმა დავრჩი. მომხდარს დღემდე მტიკვნეულად განვიცდი და მინდა ვთხოვო მომავალ თაობას – ნაკრების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს. ეროვნულ გუნდში მოსახვედრად თავდადებასთან ერთად, სამმაგი ყურადღება და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.
რიჩარდ მათიაშვილი
რიჩარდ მათიაშვილი თინეიჯერი იყო საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში რომ თამაშობდა. იგი ახალგაზრდულ ნაკრებში გიორგი შერმადინთან ერთად საინტერესო წინა ხაზს ქმნიდა, ეროვნულ გუნდშიც არაერთ შეკრებაზე იყო, მაგრამ ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობა ძალიან იშვიათად უწევდა.
მიზეზი მარტივია – კონკურენცია. ცენტრის პოზიციაზე ხომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია და ევროლიგის ორგზის გამარჯვებული გიორგი შერმადინი გვყავდა.