საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი სპონსორი ჰყავს. დღეს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც „ნატახტარი ქარვა“ კალათბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების სპონსორი გახდა. ხელშეკრულება გაფორმდა სამი წლის ვადით.
ერთობლივ პრესკონფერენციას დაესწრნენ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური და ეროვნული ნაკრების წევრი ანატოლი ბოისა.
ხელშეკრულება უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანსა და „ნატახტარის“ მარკეტინგის ხელმძღვანელ თoრნიკე ნიკოლაიშვილს შორის გაფორმდა.
დავით ნამგალაური, თირნიკე ნიკოლაიშვილი და ბესიკ ლიპარტელიანი
ბესიკ ლიპარტელიანი: “ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს საქართველოს ნაკრების სათანადოდ მომზადებისა და ქვეყანაში კალათბურთის განვითარებისთვის, კომპანია „ნატახტარის“ სახით სპონსორის გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ ამ ხელშეკრულებით და მადლობას ვეუბნები კომპანია „ნატახტარს“.
თორნიკე ნიკოლაიშვილი: „კომპანია “ნატახტარი” 2008 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი გახდა. ჩვენი კომპანია აქტიურადაა ჩართული სპორტულ ცხოვრებაში და მორიგი ნაბიჯი კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობაა. კალათბურთს საქართველოში დიდი ტრადიციები აქვს და ნაკრებმაც დამსახურებულად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. 2011 წელს „ნატახტარი“ კალათბურთის ფედერაციას 160 ათას ლარს გადაურიცხავს“.
დავით ნამგალაური: „სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო. აქამდე ნაკრებს ფაქტობრივად არ ჰყოლია სპონსორი და გამიკვირდებოდა, ახლა, როცა ევროპაზე გავიდნენ, ფინანსური პარტნიორი არ გამოჩენილიყო. კომპანია „ნატახტარის“ სახით კალათბურთის ფედერაციას და შესაბამისად, ნაკრებს, საიმედო სპონსორი გამოუჩნდა. სასიამოვნოა, რომ ფეხბურთისა და რაგბის შემდეგ „ნატახტარის“ დასპონსორებული სპორტული სფეროების სიას კალათბურთიც შეემატა“.
ანატოლი ბოისა: „დიდი მადლობა კომპანია „ნატახტარს“. მისი სახით საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი ძალა და ქომაგი შეემატა“.
სასპონსორო მემორანდუმზე ხელს თორნიკე
ნიკოლაიშვილი და ბესიკ ლიპარტელიანი აწერენ