ნატალია ოთხმეზური მე-2 და ყველაზე წარმატებულ სეზონს ატარებს ამერიკის ჯუნიორ კოლეჯთა ლიგაში. ქართველი კალათბურთელი კასპერის უნივერსიტეტის გუნდ “თანდერბერდსის” ღირსებას იცავს და ამ გუნდის უპირობო ლიდერია. ნატალიას წინამღოლობით კასპერელებმა კოლეჯთა ლიგის I დივიზიონის მე-9 რეგიონში, სადაც 12 გუნდია თავმოყრილი, 12-დან 12 გამარჯვება მოიპოვეს და მთლიანი დივიზიონის რეიტინგში, რომელშიც 25 რეგიონი და დაახლოებით 250 გუნდია, მე-7 ადგილზე იმყოფება.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ნატალია არა მხოლოდ თავის გუნდში, მთელს დივიზიონში გამორჩეულია. ის მე-6 ადგილზეა სამქულიანი სროლების პროცენტულობით (55.7%), რაც იმის გათვალისწინებით, რომ ჯუნიორ კოლეჯთა ლიგაში 3000-ამდე მოთამაშეა, ძალიან მაგარი შედეგია. ოთხმეზურმა მიმდინარე სეზონის 12 მატჩში 79 სამქულიანიდან 44 ჩააგდო.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ოთხმეხურის საშუალო მონაგარი 17.3 ქულა, 3.4 მოხსნა, 2.8 პასი და 0.8 ჩაჭრა და 0.3 დაფარებაა. ბოლო შეხვედრა კასპერ თანდერბერდსმა სამხრეთ ვაიომინგის უნივერსიტეტთან გამართა და 74:41 დაამარცხა. ნატალია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა 23 ქულით, 4 მოხსნითა და 2 პასით.
რეგიონის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კასპერელებს დივიზიონის საუკეთესო გუნდებთან ერთად ეგრედწოდებულ “მარტის სიგიჟეში” მონაწილეობა მოუწევთ, რადგან, როგორც აღვნიშმეთ, რეიტინგში მოწინავე პოზიციაზე არიან და თუ შედეგები ძალიან არ გაიუარესეს, ჯუნიორ კოლეჯთა ლიგის ფინალურ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ.