ამერიკის ქალთა უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე ერთადერთმა ქართველმა საოცარი მატჩი ჩაატარა. აიონა გაელსის უკანახაზელმა, ნატალია ოთხმეზურმა 38 წუთში 38 ქულა ჩააგდო, რითაც არათუ მისთვის, ზოგადად ქალთა კალათბურთისთვის გამორჩეული შედეგი დააფიქსირა.
ოთხმეზური აიონა გაელსის (IONA Gaels) ღირსებას იცავს, რომელიც ქალთა უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში (NCAAW) 33 კონფერენციიდან ერთ-ერთში, Metro Atlantic Athletic-ში თამაშობს. ქართველმა უკანახაზელმა გამორჩეული შედეგი “მარისტ რედ ფოქსთან” 70:60 მოგებულ მატჩში დააფიქსირა. კონფერენციაში ეს გახლდათ პირველი გამარჯვება აიონელებისთვის – აქამდე გაელსმა “სტონი ბრუკსთან” 49:71, ხოლო “ბრონქს რაიდერთან” 56:63 წააგო. პირველ მატჩში ნატალიამ 18 წუთში 6, ხოლო მეორეში – 28 წუთში 8 ქულა ჩააგდო.
“რედ ფოქსთან” მოგებული შეხვედრა ქართველი კალათბურთელის ბენეფისი გამოდგა. ნატალიამ 9-დან 7 ორქულიანი, 8-დან 5 სამიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. 38 ქულასთან ერთად ოთხმეზურმა 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
1 მოგებითა და 2 მარცხით აიონა 11-გუნდიან Metro Atlantic Athletic-ის კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. შემდეგ მატჩს ოთხმეზურის გუნდი 12 იანვარს, სტუმრად “ფეირფილდ სტაგსთან” გამართავს.