ნატალია ოთხმეზური იმ ისტორიული მოვლენების მონაწილე და მთავარი გმირია, რომელიც ახლა ვაიომინგის შტატის ქალაქ კასპერის გოგონათა საკალათბურთო გუნდში ვითარდება. ამერიკის ჯუნიორ კოლეჯთა ლიგის (NJCAA) პირველი დივიზიონის მასშტაბით კასპერის გუნდი რეიტინგში მე-3 ადგილზეა, ხოლო გუნდს, რომლის ლიდერიც ქართველი გოგონაა, წინა სეზონიდან მოყოლებული 35 მატჩია, არ წაუგია. მიმდინარე სეზონში კასპერელებმა 20-დან ყველა მატჩი მოიგეს. ბოლო შეხვედრა “კასპერ თანდერბერდსმა” გუშინ, საკმაოდ პრინციპულ დაპირისპირებაში მოიგო. მე-9 რეგიონის ჩრდილოეთ ქვე-რეგიონის ფინალში კასპერელებმა “ნორსვესტი” 100:51 გაანადგურეს.
ამერიკის გოგონათა ჯუნიორ კოლეჯთა ლიგის სტრუქტურაზე მოკლე ექსკურსს შემოგთავაზებთ, რათა უკეთ გაერკვეთ, თუ სად ასპარეზობს ქართველი გოგონა. ჯუნიორ კოლეჯთა ლიგა 3 დივიზიონს მოიცავს, საიდანაც ნატალია ოთხმეზურის “კასპერ თანდერბერდსი” უძლიერეს, პირველ დივიზიონში ასპარეზობს, სადაც მთლიანობაში 180 გუნდია. მთელი ამერიკა დაყოფილია 23 რეგიონად და რატომღაც მასში მონაწილეობას არ იღებენ კალიფორნიის, მენის, ალასკისა და რამდენიმე პატარა შტატის უნივერსიტეტები. თითო რეგიონში შტატების სხვადასხვა რაოდენობაა თავმოყრილი (იხილეთ ფოტო).
ნატალია ოთხმეზურის “კასპერ თანდერბერდსი” მე-9 რეგიონში ასპარეზობს, სადაც 4 შტატია. შესაბამისად, აღნიშნული რეგიონი 4 ქვე-რეგიონად იყოფა და კასპერელებმა გუშინ ჩრდილოეთ ქვე-რეგიონის ჩემპიონობა მოიგეს, რითაც მე-9 რეგიონის საჩემპიონო ტურნირში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. მე-9 რეგიონის ფინალური ტურნირი, რომელშიც 4 ქვე-რეგიონის გამარჯვებული იასპარეზებს, მომავალ კვირაში გაიმართება.
გუშინ გამართულ ჩრდილოეთ ქვე-რეგიონის ფინალში ნატალია ოთხმეზურმა 19 ქულა ჩააგდო. მან 6 ცდიდან 5 სამქულიანი ზუსტად შეასრულა და ის მაღალი პოზიცია, რომელიც სტატისტიკაში უკავია, კიდევ უფრო გაიმყარა. ნატალია სამქულიანებს 50.9 პროცენტიანი სიზუსტით აგდებს (114-დან 58), რაც მთელი პირველი დივიზიონის მასშტაბით (2000-ზე მეტი მოთამაშე) მე-3 შედეგია.
მიმდინარე სეზონში ნატალია ოთხმეზურის სტატისტიკური მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 20 მატჩში საშუალოდ 15 ქულა, 3 მოხსნა და 2.5 პასი.