გოგა ბითაძემ ამერიკის პროფესიულ საკალათბურთო ლიგაში (ნბა) პირადი რეკორდი დაამყარა! ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა მინესოტა ტიმბერვულვზს 14 ქულა ჩაუგდო, მისმა გუნდმა კი მეტოქე 141:137 დაამარცხა.
დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის ტრავმების გამო 21 წლის ქართველი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 25:24 წუთი გაატარა. ბითაძემ ბოძებული შანსი კარგად გამოიყენა და პირადსარეკორდო 14 ქულას 5 პასი, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. მიმდინარე სეზონში გოგამ პირველად ითამაშა სასტარტოში, კარიერაში კი – მესამედ.
უკვე პირველი ტაიმის შემდეგ გოგას 12 ქულა ჰქონდა და მატჩში მხოლოდ თანაგუნდელ აარონ ჰოლიდეის ჩამორჩებოდა. გოგამ პირველ ორ მეოთხედში 13:08 წუთი ითამაშა და 12 ქულას (2-სამქულიანი), 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შემატა. ქართველ ცენტრს ბურთი არ დაუკარგავს, თუმცა ის ორჯერ დაჯარიმდა, რაც ყველაზე მთავარია, პეისერსმა ტაიმი 21 ქულის სხვაობით მოიგო. გოგამ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო და ეს ყველაფერი მინესოტელთა ვარსკვლავ-ცენტრტან, კარლ ენტონი ტაუნსთან ორთაბრძოლაში მოხდა, რომელმაც პირველ ორ მეოთხედში 10 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
უკვე მე-3 მეოთხედის დასაწყიში ბითაძემ კარიერის რეკორდი დაამყარა NBA-ში ქულებით, როცა საშუალო მანძილიდან ჩააგდო. ამით მან 14 ქულა მოაგროვა, მისი რეკორდი კი აქამდე 13 ქულა იყო.
ბოლო პერიოდში გოგა აქტიურობით ვერ გამოირჩა. მას 4 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა და მცირე სათამაშო დრო დაუთმეს.
ინდიანას სეზონში 23-27 ბალანსი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზეა. 10 აპრილს (03:00-დან თბილისის დროით) პეისერსი ორლანდო მეჯიქს ესტუმრება.