ნეით მაკმილანი: დრაფტის შემდეგ მცირე განხილვა გვქონდა და შემიძლია ვთქვა, გოგა მზად არის, დღესვე ითამაშოს

ნეით მაკმილანი: დრაფტის შემდეგ მცირე განხილვა გვქონდა და შემიძლია ვთქვა, გოგა მზად არის, დღესვე ითამაშოს

დრაფტის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა “ინდიანა პეისერსის” მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა, რომელმაც, ცხადია, ბითაძეზე ვრცლად ისაუბრა

– ბითაძეს ბევრი სპეციალისტი დრაფტზე ტოპ-10-ში მოხვედრას უწინასწარმეტყველებდა. როდესაც მე-18 ნომრამდე არ აირჩიეს და ჩვენამდე მოვიდა, შანსი ხელიდან არ გავუშვით. შეიძლება, ამის გამო ბევრი გადაირია, რადგან უკვე გვყავს ორი ცენტრი, მაგრამ ბითაძე ხომ ნიჭიერი კალათბურთელია.

სამქულიანის ტყორცნაც შეუძლია, ბურთის ტარებაც, პარგი მეპასეა. კალათს მშვენივრად იცავს, დაფარებები ეხერხება. დიდი პლუსია, რომ ორმხრივი მოთამაშეა – როგორც დაცვაშია სასარგებლო, ისე შეტევაში.

რამდენიმე წელია, პროფესიონალურ ლიგებში თამაშობს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენამდე არავინ აიყვანა და “ინდიანაში” მოხვდა.

– ბითაძეს განიხილავთ როგორც სამომავლო პროექტს თუ მის ადგილს უკვე ხედავთ “ინდიანა პეისერსის” შემადგენლობაში?

– მისი თამაში შესწავლილი არ გვაქვს, რადგან არ ვფიქრობდით, რომ ჩვენ დაგვრჩებოდა. დრაფტის შემდეგ მცირე განხილვა გვქონდა და შემიძლია ვთქვა, გოგა მზად არის დღესვე ითამაშოს. გვყავს ორი ცენტრი მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი, რომლებმაც მომავალ სეზონშიც უნდა ითამაშონ… ბითაძემაც უნდა ითამაშოს.

– გასაგებია, რომ ახალწვეულის გამოსვლა არ გინახავთ, რას იტყვით ლიგაზე სადაც ის ასპარეზობდა?

– ბითაძე ახალგაზრდაა, თუმცა თამაშობდა პროფესიონალებში. ევროლიგაში ბევრი ნიჭიერი და საინტერესო კალათბურთელია. მათ შორის ბითაძე, რომელიც სამომავლო პროექტი ნამდვილად არ არის, მას ჩვენი დახმარება უკვე შეუძლია. თუმცა, აუცილებლად შევუწყობთ ხელს, რომ კიდევ უფრო განვითარდეს.

– ვის შეადარებდით გოგა ბითაძეს?

– მისი თამაშის მხოლოდ რამდენიმე მომენტი მაქვს ნანახი, ისიც რამდენიმე წითის წინ. ბითაძე ლატარიის შედეგად მივიღეთ და თამაში შესწავლილი ნამდვილად არ მაქვს. თუმცა ჩვენი სკაუტებისგან მაქვს ინფორმაცია, რა შეუძლია, რას უნდა ველოდეთ. მათ მონათხრობზე დაყრდნობით ვიტყვი, რომ დომანტას საბონისის ტიპის კალათბურთელია.

– სამი ცენტრი გყავთ, სამივესთვის როგორ მოძებნით სათამაშო წუთებს?

– მოვახერხებთ! შეუძლიათ როგორც ფარზე, ასევე პერიმეტრზე თამაში, ბურთსაც კარგად სტყორცნიან. ეს ჩვენი პლუსი იქნება. NBA-ს კალათბურთი შეიცვალა, ცენტრი მხოლოდ ფარქვეშ არ უნდა იდგეს, პერიმეტრიდანაც საშიში უნდა იყოს, პიკ ენდ როლისასაც, ბურთით გადაწყვეტილების მიღებაც უნდა შეეძლოს… ასეთია ბითაძე, რომელსაც ბევრი კარგი თვისება აქვს და მას მხოლოდ ფარის დამცველად არ განვიხილავთ.