საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 20 თებერვალს, დილის 7 საათზე ამსტერდამის რეისით ნიდერლანდებში მიემგზავრება, სადაც ძალიან პრინციპული შეხვედრა ელის. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი ისტორიულ მიჯნაზეა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორივე მატჩის მოგება სჭირდება. მეტოქე აუტსაიდერია, თუმცა ნიდერლანდებთან მატჩის ფასი იმდენად დიდია. რომ ამას მნიშვნელობა დაკარგული აქვს.
ნიდერლანდები საქართველოს ამსტერდამიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალმერეში მიიღებს. შეხვედრა 23 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდი სამშობლოში ჩარტერული რეისით დაბრუნდება, რათა საკვალიფიკაციოს დასკვნითი მატჩისთვის მოსამზადებლად მეტი დრო და ენერგია ჰქონდეს. ისლანდიასთან შეხვედრა 26 თებერვალს, თბილისი არენაზე, 20:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში 4 კალათბურთელის გარეშე მიემგზავრება. თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ამაღამ შესაბამისად იტალიისა და ესპანეთის თასის ფინალს თამაშობენ (სამწუხაროდ, ორივეს გუნდი დამარცხდა) და ჩვენს ნაკრებს პირდაპირ ნიდერლანდებში შეუერთდებიან, ისევე როგორც ბექა ბურჯანაძე და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი.
დღეს, საქართველოს ნაკრებმა ტრადიციულად კომბინაციების დამუშავებაზე ივარჯიშა. ილიას ზუროსმა კალათბურთელები როგორც ცალ, ისე ორივე ფარში ათამაშა. ვარჯიშის ბოლოს კი ტრადიციულად სროლებში ივარჯიშეს.
ჩვენი ნაკრების ვარჯიშის შემდეგ კომენტარები გააკეთეს მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და მოთამაშეებმა – დუდა სანაძემ და კახა ჯინჭარაძემ.