ნიკა მეტრეველი: ვფიქრობ, “ომენაში” გადასვლით სწორი ნაბიჯი გადავდგი

ნიკა მეტრეველი: ვფიქრობ, “ომენაში” გადასვლით სწორი ნაბიჯი გადავდგი

ნიკა მეტრეველი კარიერას იტალიაში გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა კონტრაქტი იტალიურ “პაფონი ომენასთან” გააფორმა. “ომენა” იტალიის ნაციონალ “ა”-ში ასპარეზობს და 18-გუნდიან ლიგაში მე-9 ადგილზე იმყოფება. სერია “ა”-სა და ლეგადუეს შემდეგ ნაციონალ “ა” რანგით მესამე ლიგაა იტალიაში. მეტრეველს იტალიაში შევეხმიანეთ და ამბები დაწვრილებით გამოვკითხეთ.
 

 
– გასულ წლებში სერია “ა”-სა და ლეგადუეში თამაშობდი და ახლა რანგით მესამე ლიგის გუნდში გადასვლას რატომ დათანხმდი?
 
– მოგეხსენებათ, ჩემი გუნდი “ნაპოლი” დაიშალა და აქამდე სხვა ვარიანტის მოძებნა გაძნელდა. საქმე ისაა, რომ რადგან “ნაპოლი” გათამაშებიდან მოისხსნა, ლეგადუედან არც ერთი გუნდი აღარ ვარდება. შესაბამისად, რაკი გუნდებს გავარდნის საფრთხე აღარ ემუქრებათ, ახალი მოთამაშეებით გაძლიერებაზეც მოთხოვნა ნაკლები იყო. სულ რამდენიმე ნაპოლელმა მონახა ახალი გუნდი. იყო კიდევ ერთი ვარიანტი, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე მომეცადა და შემდეგ მეორე ლიგის გუნდები გაძლიერებას დაიწყებდნენ, მაგრამ ეს ვარიანტი რომ გამომიჩნდა, დავთანხმდი. ისედაც რამდენიმე თვე გამიცდა და ჩემთვის ეხლა მთავარი იყო სადმე მეთამაშა.
 
– ახალ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმე?
 
– პაფონელებთან ხელშეკრულება გავაფორმე. გუნდს 29 დეკემბერს შევუერთდი, 30-ში ტურის მატჩი ჰქონდათ, რის შემდეგაც საახალწლო დასვენება გვქონდა და ვარჯიშს 2 დღის წინ შევუდექი. საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს, მეგობრული ატმოსფეროა და ვფიქრობ, ამ გუნდში თამაში არ გამიჭირდება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, “ომენასთან” კონტრაქტი რომ გავაფორმე.
 
 
– ქართულ კლუბში თამაშის ვარიანტიც ხომ გქონდა?
 
– მქონდა და “ომენას” ვარიანტი რომ არ გამომჩენოდა, სავარაუდოდ, საქართველოს ჩემპიონატში ვითამაშებდი. თავდაპირველად “სოხუმს” უნდოდა ჩემი დამატება, ბოლოს “ოლიმპის” ვარიანტიც მქონდა.
 
– რა ამბიციები აქვს “პაფონი ომენას”?
 
– 15 ტურის შემდეგ პაფონელებს 7 მოგება აქვთ და მე-9 ადგილზე იმყოფებიან. გუნდს ლეგადუეში გადასვლა უნდა და იმედი მაქვს, ამ მიზნის მიღწევაში დავეხმარები. ჩემს პოზიციაზე არცთუ ცუდი კალათბურთელები თამაშობენ, თუმცა როგორც კლუბის ხელმძღვანელებმა ამბობენ, მოედანზე ყოფნა საკმაო ხნით მომიწევს.
 
– სხვა პირობებით კმაყოფილი ხარ?
 
– საკმაოდ კარგი პირობები მაქვს. პაფონი პატარა და მყუდრო ქალაქია, მილანთან ახლოს მდებარეობს. ქალაქში წყნარი ტბაა და სწორედ ამ ტვასთან გამომიყო კლუბმა სახლი. ეხლა ჩემი საზრუნავი მხოლოდ ვარჯიში და შედეგიანი თამაშია.