ნიკოლოზ ცქიტიშვილი ირანულ “მაჰრამში” ოფიციალურად ჩაირიცხა

ნიკოლოზ ცქიტიშვილი ირანულ “მაჰრამში” ოფიციალურად ჩაირიცხა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ოფიციალურად ჩაირიცხა ირანულ გუნდ “მაჰრამში”. რამდენიმე დღეა, ცქიტიშვილი ირანში იმყოფებოდა გასინჯვებზე, მისი გუნდში აყვანის ინფორმაცია კი ირანულ საიტებზე ახლაღა გაჩნდა.
 
ნიკოლოზ ცქიტიშვილი მარტის შემდეგ უგუნდოდაა. ბოლოს იგი ესპანურ “ლაგუნ აროში” თამაშობდა, თუმცა გუნდი მან სეზონის დასრულებამდე 1 თვით ადრე დატოვა. მას მერე ნიკამ საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ხოლო მიმდინარე სეზონში ქართულ გუნდ “დინამოში” ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობდა.
 
“მაჰრამი” ირანის ჩემპიონატის წამყვანი გუნდია. 3 ტურის შემდეგ მაჰრამელები დაუმარცხებლად ლიდერთა შორის არიან. ქართველი ფორვარდის დებიუტი ირანულ გუნდში სავარაუდოდ დღეს “შირაზის” წინააღმდეგ შედგება. შეგახსენებთ, რომ ცქიტიშვილს აქამდე იტალიის, სლოვენიის და ესპანეთის უმაღლეს ლიგებში უთამაშია. ის ერთადერთი ქართველია, რომელიც ნბა-ს დრაფტის ხუთეულში აირჩიეს. მას ევროპულ ლიგებთან ერთად ნბა-ს 5 გუნდში – “დენვერში”, “მინესოტაში”, “ნიუ იორკში”, “ფინიქსსა” და “გოლდენ სტეიტში” უთამაშია.