“ოლიმპია” სლოვენიის ჩემპიონატში გამარჯვებით ჩაება

“ოლიმპია” სლოვენიის ჩემპიონატში გამარჯვებით ჩაება

სლოვენიის ჩემპიონატი
გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას „ოლიმპია“ მშობლიურ ჩემპიონატში ჩაება. ლამისაა, სეზონი დასრულდეს და ლიუბლიანელები ახლაღა ჩაერთვნენ სლოვენიის პირველობაზე. საქმე იმაშია, რომ „ოლიმპია“ თანამემამულე ნოვო მესტოს „კრკასთან“ ერთად სლოვენიის დანარჩენ გუნდებს ერთი თავით სჯობს და ამიტონ, შიდაჩემპიონატში მეორე ეტაპიდან ერთვება. სანამ სლოვენიაში 9 გუნდი ერთმანეთს საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად ებრძოლებოდა, „ოლიმპიამ“ და „კრკამ“ ევროტურნირებზე გაიმყარეს გამოცდილება. ლიუბლიანელებმა ევროლიგის მეორე ეტაპზე გააღწიეს და საუკეთესო რვა გუნდში ვეღარ მოახერხეს მოხვედრა. ადრიატიკის ლიგაზე კი ოთხთა ფინალში არიან.
 

ჰელიოსელი დორდე ლელიჩი და გიორგი შერმადინი
 
სლოვენიაში კი 16 ტურის შედეგად საუკეთესო ექვსეული გამოვლინდა, ამათ „ოლიმპია“ და „კრკა“ დაემატა და ჩემპიონატის მეორე ეტაპიც გაჩაღდა. პირველი ტურის მატჩები შაბათს გაიმართა და „ოლიმპიამ“ იოლი გამარჯვებაც მოიპოვა – შინ „ელექტრას“ 82:60 მოუგო. ერთი საინტერესო ფაქტი უნდა აღვნიშნოთ: „ოლიმპიას“ დარბაზი 12 ათას მაყურებელს იტევს და ევროლიგის მატჩებისას არენა თითქმის სულ სავსე იყო. სლოვენიის ჩემპიონატის ამ მატჩის სანახავად კი მხოლოდ 100 ადამიანი მივიდა. კომენტარი თქვენთვის მოგვინდვია.
 
„ოლიმპიამ“, როგორც ვთქვით, მეტოქე იოლად დაამარცხა. შერმადინი ხუთეულში იყო და მოედანზე 25 წუთი გაატრა. ქართველმა ცენტრმა 6 ორქულიანი სტყორცნა, საიდანაც 4 ჩააგდო და ამას ორი საჯარიმოც მოაყოლა. შესაბამისად, 10 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა მაშინ, როცა არც ერთ ლიუბლიანელს 1 დაფარებაც კი არ მიუთვლია. ბოისამ 23,24 წუთს ითამაშა და 4–დან 1 ორქულიანი ჩააგდო. ვლადიმერს ასევე 4 მოხსნა და 3 პასი დაუგროვდა.
 
8 გუნდი ახლა საუკეთესო ოთხეულისთვის იბრძოლებენ და 2 წრის თავზე ნახევარფინალისტებიც გამოვლინდებიან. მომდევნო მატჩს „ოლიმპია“ 26 მარტს სტუმრად „ჰელიოსთან“ გამართავს.
 
       იტალიის სერია A
მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ლეგიონერის გუნდმა „კასერტას“ უმასპინძლა და 87:76 დაამარცხა. მანუჩარმა მოედანზე 14 წუთი გაატარა და ამ დროში, 5 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. მან 3-ჯერ სტყორცნა ორქულიანი და მხოლოდ ერთხელ მიაღწია მიზანს. ერთხელ ნასროლი სამქულიანი კი გააფუჭა. „კანტუ“ იტალიის ჩემპიონატში კვლავ მეორე ადგილზეა. დღეს კი ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარიც“ თამაშობს, რომელიც „ვარეზეს“ მასპინძლობს“.