ოლიმპიაკოსმა ჩემპიონობა დათმო, ფანებმა თამაში ჩაშალეს

ოლიმპიაკოსმა ჩემპიონობა დათმო, ფანებმა თამაში ჩაშალეს

ევროლიგის მოგების შემდეგ გიორგი შერმადინის „ოლიმპიაკოსმა“ სეზონის მეორე უმთავრესი ტიტული ვერ მოიგო. პირეოსელებმა საბერძნეთის ჩემპიონობა „პანათინაიკოსთან“ დათმეს, თუმცა მარადიული მეტოქე თავის დარბაზში არ აზეიმეს.
 
ფინალური სერიის მე-3 მატჩი პირეოსში, „ოლიმპიაკოსის“ დარბაზში გაიმართა. მატჩის დასრულებამდე 1,27 წუთით ადრე, როცა „პანათინაიკოსი“ 76:72 იგებდა, მასპინძელთა ქომაგებმა მეტოქეს რაც ხელთ მოხვდათ, ყველაფერი დაუშინეს. სტუმართა გუნდის წევრებმა გასახდელში უვნებლად ძლივს, დაცვის თანხლებით შეასწრეს, ხოლო მატჩი, შეწყდა.
 

 
„ოლიმპიაკოსი“ სერიას 0:2 აგებდა და ამ მატჩის წაგება იმას ნიშნავდა, რომ „პანათინაიკოსი“ ჩემპიონობას იზეიმებდა. ეს არ დაუშვეს პირეოსელმა „ულტრასებმა“ და თამაში ჩაშალეს. მსაჯებმა დარბაზიდან ყველა მაყურებლის გაყვანა და მატჩის გაგრძელება განიზრახეს. 2 საათში დარბაზი დაიცალა, თუმცა მსაჯებმა სხვაგვარი ვერდიქტი მიიღეს: მატჩი აღარ გააგრძელეს და ანგარიში ძალაში დატოვეს. შესაბამისად, „პანათინაიკოსი“ ჩემპიონი გახდა, თუმცა ცარიელი ტრიბუნების წინ და საზეიმო განწყობას მოკლებულ ვითარებაში. ეს ათენელთა 33-ე ჩემპიონობაა, რომელიც მე-16-ეა ბოლო 18 წელიწადში.
 
გიორგი შერმადინი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა. ოლიმპიაკოსელთაგან საუკეთესო კაილი ჰაინსი გახლდათ, რომელმაც 10 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. ჩემპიონებში საუკეთესო დიმიტრის დიამანტიდისი გახდა 18 ქულით.