სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩებს დღეს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. დაგეგმილი 2 შეხვედრიდან პირველი დასრულდა. ერთმანეთს ცხრილის შუაში მყოფი “ოლიმპი” და ერთ-ერთი აუტსაიდერი “სოხუმი” შეხვდნენ. ფავორიტად ოლიმპი იყო იყო მიჩნეული და ლეონიდ ივატინის გუნდმა ეს სტატუსი გაამართლა. ოლიმპელებმა თითოეული პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს და საბოლოოდ 37-ქულიანი სხვაობით – 87:50 იმარჯვეს.
როგორც გამოჩნდა, “სოხუმს” სერიოზული პრობლემები აქვს. გუნდმა ახალი ლეგიონერი – ლიტველი ვიტაუტას კამარუნასი შეიმატა, თუმცა ამ ტრანსფერს ეფექტი ჯერ არ მოუტანია. სოხუმელებმა პირველი პერიოდი 9:18 წააგეს, მაგრამ ვითარების გამოსწორება დარჩენილ დროში ვერ მოახერხეს. “ოლიმპი” ყველა კომპონენტში მოწოდების სიმაღლეზე იდგა და რაც დრო გადიოდა, უპირატესობას იმტკიცებდა.
ოლიმპელებმა გუნდურად ითამაშეს. 16 ქულით ბომბარდირი გახდა გეგი ბაქრაძე. 14-14 ქულა მიითვალეს მერაბ ბოქოლიშვილმა და მორის ჰილმა. 13 ქულა და 9 მოხსნა მარკ ოგდენის ანგარიშზე დაგროვდა. სოხუმელთაგან ბომბარდირმა ლევან რევაზაშვილმა 10 ქულა დააგროვა. 9 ქულა მისმა ძმამ, მაიზერ რევაზაშვილმა მიითვალა.
მომდევნო მატჩში ერთმანეთს “კაკტუსი” და მარნეულის “დელტა” დაუპირისპირდებიან.
სოხუმი – ოლიმპი 50:87