სუპერლიგის მორიგი ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. რუსთავსა და ქუთაისში თბილისური გუნდები ჩავიდნენ და გამარჯვებები მოიპოვეს. იმერეთში სუპერლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა “კავკასიამ” იმარჯვა, რომელიც ცხრილში ისევ გალიდერდა, ქვემო ქართლში კი “ოლიმპმა” მოიგო და წარმატებული მატჩების სერია 6-მდე გაზარდა.
დავით როგავას გაწვრთნილა ოლიმპმა სუპერლიგა 2 მარცხით დაიწყო, რის შემდეგაც წარმატებული ზედიზედ 6 მატჩი მოიგო. ამ შეხვედრებიდან ყველაზე რთულად მოსაგები დღევანდელი შეხვედრა იყო. გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა. დაძაბული და ემოციებით სავსე მატჩის 40 წუთი ფრედ 85:85 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში ოლიმპელებმა რუსთავს შანსი არ დაუტოვეს – 99:90 (სტატისტიკა).
ოვერტაიმის გმირი გახდა დრუ კუქსჰაუსენი, რომელმაც ამ მატჩში მოგროვებული 12 ქულიდან 8 დამატებით 5-წუთეულში ჩააგდო. რაც შეეხება ძირითად დროს, აქ დომინანტი ლუკა ლიკლიკაძე გახლდათ. ოლიმპის 19 წლის ახალგაზრდამ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ლუკამ ძირითადში დაიწყო და მოედანზე 36:25 წუთი გაატარა, რა დროშიც 26 ქულა ჩააგდო. მან თანაბარი შედეგიანობით ესროლა ორქულიანები და სამიანები: 8 სროლიდან 4 გამოიყენა. საჯარიმოები კი უშეცდომოდ შეასრულა – 6-ვე ჩააგდო.
რუსთაველებს მრისხანე მეტოქის დასამარცხებლად ძალა არ ეყოთ. არადა, ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა გუნდმა სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრა. მესამე პერიოდში 12 ქულით ჩამორჩენილმა რუსთაველებმა დიდი შემართებისა და ბრძოლის ხარჯზე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, რაც ძირითადად ლუკა ბულაშვილის, გუგა პატაშურისა და რევაზ როგავას შედეგიანობით მოხდა.
ბოლო წუთზე თანაბარი ანგარიში იყო, როცა ოლიმპელებმა შეტევა გააცუდეს და მასპინძლებს შეტევისთვის 30 წამი დარჩათ. გუგა პატაშურმა სირენამდე 10 წამით ადრე სამქულიანის ნიშნულიდან შეუტია, თუმცა არაზუსტად და ოლიმპს შესატევად 10 წამი დარჩა. სწრაფი კომბინაცია ლინტონ ესლაისმა ორქულიანით დაასრულა და დასრულებამდე 2.6 წამით ადრე ოლიმპი 85:83 დააწინაურა. მასპინძლებმა წუთშესვენებაზე დაგეგმილი შეტევა წარმატებულად დააგვირგვინეს. ბურთი ბულაშვილმა მიიღო, მეტოქე ჩამოიშორა, საჯარიმოში შეიჭრა და საფინალო სირენის თანხლებით გამთანაბრებელი ბურთი ჩააგდო.
ოვერტაიმში რაც მოხდა, ზემოთ ვთქვით. დრუ კუქსჰაუსენის სამქულიანებისა და ორიანის შემდეგ ოლიმპმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა და გამარჯვებამდე ისე მივიდა, რუსთაველებს მეტოქესთან მიახლოების შანსი აღარ მისცემიათ. ლიკლიკაძესთან ერთად ოლიმპის გამარჯვებაში უდიდესი წილი ლინტონ ესლაისმა (19 ქულა, 10 მოხსნა) და ლუკა კალატოზიშვილმა (13 ქულა, 14 მოხსნა) დაიდეს. 12-12 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილმა და დრუ კუქსჰაუსენმა. რუსთავში 21ქულით ბომბარდირი გახდა ლუკა ბულაშვილი, 19 ქულა გუგა პატაშურმა მოაგროვა, რევაზ როგავამ შეხვედრა 13 ქულითა და 7 პასით დაასრულა.
რაც შეეხება ქუთაისში გამართულ მატჩს, ფავორიტად მიჩნეულმა კავკასიამ 80:73 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. ქუთაისს საკადრო პრობლემები აქვს. იმერული კლუბი, რომელიც მოქმედი ჩემპიონია და სეზონი წარუმატებლად დაიწყო, ლეგიონერების ჩანაცვლების პროცესშია და სანამ შემადგენლობას დააკომპლექტებდეს, არასტაბილურად თამაშობს. დღევანდელ მატჩში ქუთაისელები კავკასიის წინაშე 6 კალათბურთელით წარდგნენ და თამაშის მოსაგებად ელემენტარულად რესურსი არ ეყოთ.
სუპერლიგის მე-9 ტურის მორიგი მატჩი 17 დეკემბერს, აჭარაში, ბათუმსა და ტიტებს შორის გაიმართება. ტური 18 დეკემბერს, 2 თბილისური მატჩით დასრულდება.