საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით აქტიურად მიმდინარეობს მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო და მის ფარგლებში დღემდე 400-მდე მწვრთნელს მიენიჭა C კატეგორიის ლიცენზიები. შეგახსენებთ, რომ პროგრამა 3 ეტაპისგან შედგება და პირველი მოსამზადებელი კურსი 14 წლამდე კალათბურთელებთან მუშაობის, C კატეგორიის ლიცენზიის სემინარებს მოიცავს. მეორე ეტაპის შედეგად გაიცემა B კატეგორიის ლიცენზიები, რომელიც 14-18 წლის მოზარდებში მუშაობისთვისაა საჭირო, ხოლო მესამე ეტაპი, უმაღლესი დონის, A კატეგორიის ლიცენზირებაზე ორიენტირდება.
ოლიმპიურ სასახლეში გამართულ წლევანდელ სემინარებში, როგორც თბილისიდან ასევე სხვადასხვა რეგიონიდან, 50-მდე დამწყები და უკვე მოქმედი მწვრთნელი მონაწილეობდა. პროგრამის ფარგლებში მათ დაცვასა და სწრაფ შეტევაში საჩვენებელი ვარჯიშები საქართველოს ეროვნული და 18-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელებმა – ანატოლი ბოისამ და დავით როგავამ, ბავშვთა კალათბურთში გამოცდილმა სპეციალისტმა გელა წულაძემ ჩაუტარეს. დამწყებ მწვრთნელებს პროგრამისა და სემინარების დეტალებზე გაესაუბრა მისი ორგანიზატორი – საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტი დავით უსტიაშვილი. პროგრამის მონაწილეებს სპეციალურად სემინარებისთვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოები დაურიგდათ.
პირველი ეტაპის გამოცდებისთვის დარეგისტრირებული მონაწილეებისთვის C კატეგორიის სალიცენზიო გამოცდები ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.